მინისტრთა კაბინეტი დღეს 28 საკითხზე იმსჯელებს

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტი 28 საკითხს განიხილავს, მათ შორის ერთი საიდუმლო საკითხია. მინისტრთა კაბინეტი დღეს დაამტკიცებს სახელმწიფო პროგრამას: “აწარმოე საქართველოში”, რომლის პრეზენტაციაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 19 მაისს გამართა.
მთავრობის წევრები ასევე განიხილავენ ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მიერ წარმოდგენილ განკარგულების პროექტს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის პარლამენტში წარდგენის თაობაზე. საქართველოს მთავრობა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ დუშეთის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხას გამოუყოფს. თანხის ოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას დღევანდელ სხდომაზე მიიღებენ. მინისტრთა კაბინეტი ასევე იმსჯელებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტზე, რომელიც უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის შესახებ დებულების დამტკიცებას ითვალისწინებს. განსახილველ საკითხებს შორის ასევე არის “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, “არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” კანონში განსახორციელებელი ცვლილებები. ცვლილებები შედის ასევე “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”. მთავრობის სხდომა 15:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები