ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის შესახებ დისკუსია გაიმართა

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის შესახებ დისკუსია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში საზოგადოების ნებისმიერ წევრს საშუალება ჰქონდა ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის, გაფრქვევის უმთავრესი წყაროებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე დამბინძურებლის ზეგავლენასთან დაკავშირებით მათთვის მნიშვნელოვან შეკითხვებზე პასუხები დარგის სპეციალისტებისგან მიეღოთ.
როგორც “კვირას” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, ტყვიის შესახებ დისკუსიას მოდერატორობას ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი უწევდა. აღნიშნულ საკითხზე დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა, ნოე მეგრელიშვილმა, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა არაბიძემ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა, ნელი კორკოტაძემ და დაავადებათა ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის მრჩეველმა, ნია გიუაშვილმა უპასუხეს.
ღონისძიების ფარგლებში დარგის სპეციალისტებმა მოწვეულ სტუმრებთან და დაინტერესებულ საზოგადოებასთან ერთად ატმოსფერულ ჰაერში მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ტყვიის შემცველობის მიმდინარე ტენდენციებზე და მათი ზეგავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე იმსჯელეს.
დისკუსიის მიზანი საზოგადოებისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან კითხვებსა თუ საკითხებზე ზუსტი და სანდო ინფორმაციის მიწოდება იყო.
მსგავსი შეხვედრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას უზრუნველყოფს, რაც აუცილებელია ჰაერდაცვითი პოლიტიკის განხორციელების პროცესში მოქალაქეების მაქსიმალურად ჩართვის უზრუნველსაყოფად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები