რომან კაკულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უცნაურს უწოდებს

ჩემი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შემთხვევითი არ არის. ძალიან რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უცხოეთის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისების მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე განაცხადა.
კაკულიას შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლო თავისი გადაწყვეტილებებით შეკითხვებს უფრო აჩენს, ვიდრე პასუხებს.
„ყოველთვის ვამბობდი, საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ მიწასთან დაკავშირებული საკითხების მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში განხილვა არ არის ჩემი პრიორიტეტი, საზოგადოებამ ისიც უნდა იცოდეს, რომ ვინც მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში განიხილავს ამ საკითხს, ავტომატურ რეჟიმში გეუბნებათ, რომ ეთნოკულტურული ცვლილებები ამ ქვეყანაში ასევე მისაღებია მათთვის. მე რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ორგანული კანონი და იქ არსებული ნორმები რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს. თუ საზოგადოებას ამ მიდგომებისა და მსოფლმხედველობის ადამიანები სურს ხელისუფლებაში, ამის არჩევანის უფლება ძალიან მალე ექნება. ჩემი აზრით, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება შემთხვევითი არ არის. ძალიან რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია“, – განაცხადა რომან კაკულიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.
სარჩელი თავდაპირველად წარმოებაში პირველმა კოლეგიამ მიიღო, თუმცა საკითხის სირთულიდან გამომდინარე, პლენუმს გადასცა.
მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე სარჩელი საბერძნეთის იმ მოქალაქეებმა შეიტანეს, რომლებიც საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას მორატორიუმის გამო ვერ ახერხებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები