2018 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 23%-ით გაიზარდა

0

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები ჯამში 4,688,177 მგზავრს მოემსახურა, რაც 23%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2017 წლის 11 თვე – 3,808,668 მგზავრი).
ნოემბრის თვეში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ნოემბერში 261,209 მგზავრს მოემსახურა, რაც 39%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წლის ნოემბერი 218,813 მგზავრი). ხოლო 11 თვეში – 3,547,553 მგზავრს მოემსახურა და ზრდამ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21% შეადგინა (2017 წლის 11 თვე – 2,943,553 მგზავრი).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2018 წლის ნოემბერში 132%-ით გაიზარდა და 47,868 მგზავრი შეადგინა (2017 წლის ნოემბერი – 20,591 მგზავრი). რაც შეეხება 11 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 560,254 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია (2017 წლის 11 თვე 380,552 მგზავრი).
ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის ნოემბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 24,677 მგზავრმა ისარგებლა, რაც 33%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წლის ნოემბერი 18,553 მგზავრი). რაც შეეხება 11 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის იანვარ-ნოემბერში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 20%-ით გაიზარდა და 580,370 მგზავრი შეადგინა (2017 წლის 11 თვე 484,563 მგზავრი).

კომენტარები

კომენტარი