გიორგი ქობულია: ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მეტ ინტეგრაციას განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
„მე ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელიც მოგვცემს მეტ სტაბილურობას, რაც ძალიან გვჭირდება ჩვენს ქვეყანაში, იმ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მეტ ინტეგრაციას განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში და იმ კანდიდატს, რომელიც გვერდში დაგვიდგება და მხარს დაგვიჭერს იმ სოციალ-ეკონომიკური პროგრამის დანერგვასა და შესრულებაში, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ და მივიჩნევთ, რომ მისი მეშვეობით, შევძლებთ საქართველოში მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ეს არის ჩემი არჩევანი”, – განაცხადა მინისტრმა ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
მინისტრმა ხმა თბილისის ჩუღურეთის მე-7 საარჩევნო ოლქის მესამე უბანში მისცა. გიორგი ქობულიამ ხმის მიცემის პროცესი და არჩევნების მიმდინარეობა დადებითად შეაფასა.
„ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, აუცილებლად მოვიდეს და გააკეთოს არჩევანი”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.