ირაკლი ზარქუა: ოპოზიცია ცდილობს, რაც კარგი ხდება თვითონ დაიბრალონ, ცუდი კი მმართველ გუნდს მიაწერონ

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობას“ სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დედაქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებით 5-პუნქტიანი მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა.
„განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ აგრძელებენ სიცრუის ტირაჟირებას. ისინი ცდილობენ, დედაქალაქში რაც კარგი ხდება თვითონ დაიბრალონ, ცუდი კი მმართველ გუნდს დააბრალონ, ეს მათი არჩევანია“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრის განცხადებით, ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი, რომელიც გადამუშავდება და გაზრდილი სახით დაუბრუნდება საკრებულოს, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერები დაემატება.
„კომისიურ ფორმატში განვიხილეთ ბიუჯეტის პროექტი, რეკომენდაციები და შენიშვნები დავაფიქსირეთ. ჩვენ ვთქვით, რომ რეკომენდირებულია ბიუჯეტში იყოს ზრდა განათლების და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ასევე სოციალური მიმართულებით, უფასო სასადილოების მიმართულებით. ეს ყველაფერი წერია ჩვენს რეკომენდაციებში. მათ კი აიღეს ჩვენი შენიშვნები და ვითომ დაასწრეს მოვლენებს და თვითონ წამოაყენეს მოთხოვნები. ეს არის იაფფასიანი ფანდი. მათ კარგად იციან, რომ თბილისის ბიუჯეტი აუცილებლად გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დაახლოებით 50 მილიონით და დაახლოებით 930 მილიონი იქნება“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
რაც შეეხება მოთხოვნას პენსიონერებისთვის 200 ლარიანი ვაუჩერის დანიშვნაზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, დედაქალაქის ბიუჯეტში უკვე არსებობს სოციალური პროგრამები პენსიონერთათვის. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტში ისედაც გათვალისწინებულია 90 მილიონი ლარი პენსიონერთა მედიკამენტებისთვის, გარდა ამისა, 50%-იანი ფასდაკლებაა პენსიონერების და შშმ პირებისთვის გათვალისწინებული მოთხოვნად მედიკამენტებზე. ეს პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე ფუნქციონირებს. ასევე კომუნალურ ვაუჩერებზე უკვე რამდენიმე წელია დედაქალაქის ბიუჯეტში დევს 5-თვიანი ვაუჩერების სისტემა, ნოემბრის თვიდან მარტის ჩათვლით და სოციალურად დაუცველებს ეხებათ. ეს პროგრამა არ შეწყვეტილა და თუ მეტი საჭიროება იქნება, დაემატება თანხა.
„როგორც ჩანს, ოპოზიციამ კარგად ვერ წაიკითხა ის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ გავუგზავნეთ მერიას, სადაც უფასო სასადილოების ბიუჯეტის გაზრდის გარდა, გათვალისწინებულია ბაგა-ბაღების პედაგოგების ხელფასების ზრდა“,- აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები