თეა წულუკიანი: “ნაცმოძრაობას” სჭირდებოდა არასამთავრობო რუპორი, მაგრამ გუშინ ისინი ტყუილში გამოიჭირეს

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების საკითხზე სამი არასამთავრობო ორგანიზაცია ტყუილში გამოიჭირეს. მისი თქმით, “ნაცმოძრაობას” სჭირდებოდა არასამთავრობო რუპორი, რომ მათ მიერ ნათქვამი ტყუილი უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო საზოგადოებისთვის.
„საიდან მოდის ეს ტყუილი, ჩემთვის ნათელია. მას შემდეგ, რაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროკურატურაში არ და ვერ წარადგინეს მტკიცებულებები, რადგან თავად აღიარეს, რომ არ ჰქონდათ, გაჩნდა მოსაზრება, რომ მათ უბრალოდ შესაძლებელია, ამ ტყუილის თქმის შესახებ დავალება მიიღეს „ნაციონალური მოძრაობიდან“. ამ მოსაზრებას, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მსხვერპლი, რადგან ჩემი ვარაუდით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა არასამთავრობო რუპორი, საჯაროდ ეთქვათ ტყუილი, რომ ეს ტყუილი გამხდარიყო როგორმე დამაჯერებელი.
​ეს ტყუილი ვერ დადასტურდა, რადგან ეს არის ტყუილი და დღეს რეალურად მიმდინარეობს მცდელობები, რომ მათივე, თითქოს, წამოწეული პრობლემა ჩაიფარცხოს, მაგრამ ეს პრობლემა ვერ ჩაიფარცხება, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პირველები, ვინც ვითხოვთ გამოძიება გაგრძელდეს, რათა ტყუილის ფაქტი კიდევ უფრო ნათელი და აშკარა გახდეს საზოგადოებისთვის.
ისინი აღმოჩნდნენ ურთულეს მდგომარეობაში, რადგან მათ ათქმევინეს ტყუილი. როგორც ჩანს, ეს ვიღაცას დასჭირდა, რომ ეს ტყუილი ყოფილიყო დამაჯერებელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, მისი თქმით, ნებისმიერი ტყუილი, რომელიც საარჩევნო სიასა და სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგაა მიმართული, ქვეყანას აზიანებს.
„ნებისმიერი ასეთი ტყუილი, რომელიც ურტყამს სახელმწიფო ინსტიტუტს, საარჩევნო სიას, რომელიც არის ყველაზე უფრო ზუსტი და დახვეწილი, რაც კი ოდესმე ყოფილა, რადგან ჩვენ ყოველ არჩევნებზე კიდევ უფრო და უფრო დაზუსტებულ სიას ვაწვდით ცესკო-ს და ცესკო ყოველ არჩევნებზე კიდევ უფრო და უფრო მაღალი პროფესიონალიზმით ატარებს არჩევნებს, რა თქმა უნდა, აზიანებს ქვეყანას“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
ცნობისათვის, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები