საქართველოს პრეზიდენტმა როს უილსონთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, როს უილსონთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო წინასაარჩევნო გარემოს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებს. „განხილული იქნა ის ძალიან მნიშვნელოვანი და ფართო დღის წესრიგი, რომელიც არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში. თავისთავად ცხადია, განხილული იქნა არჩევნების გარემო , ის ვითარება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ეს არჩევნები, რომ საქართველომ ღირსეულად ჩააბაროს ტესტი დემოკრატიაზე. თავისთავად ცხადია, რომ საუბარი შეეხო უსაფრთხოების პრობლემებს რეგიონში, ოკუპირებულ ტერიტორიებს, რუსეთის ფედერაციას და იმ ნაბიჯებს, რომელებიც მომავალში უნდა გადაიდგას, რათა ის მეტად მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც დღეს ორ ქვეყანას აკავშირებს, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნმა თენგიზ ფხალაძემ. “ჩემთვის დიდი პატივია, მქონოდა ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტთან. ის ჩვენი მეგობარია ატლანტიკურ საბჭოსთან ერთად თანამშრომლობის დროიდან, რომელთანაც მე ვიყავი დაკავშირებული აქ ჩამოსვლამდე. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი საუბარი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ვფიქრობ, ორივე ჩვენგანს გვაქვს მაღალი მისწრაფებები ამ ქვეყანასთან მიმართებით და იმ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც მასთან გვსურს, გვქონდეს. ვისაუბრეთ თანამშრომლობის იმ გზებზე, რომელიც მომდევნო კვირებში შეგვიძლია გვქონდეს წინსვლისა და მომავლისათვის“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ როს უილსონმა. ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებით რწმუნებულთან გამართულ შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი და აშშ-ის ელჩის მოადგილე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები