მამუკა ბახტაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არჩევნები უმაღლესი სტანდარტით ტარდება

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებაზე, რომლის თანახმად, ვალების ჩამოწერის ინიციატივა ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვას წარმოადგენს, განაცხადა, რომ საქართველოში 2012 წლიდან თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები ტარდება.
მისივე თქმით, თუ მართლა ექნება ადგილი ამომრჩეველთა მოსყიდვას, ამაზე შესაბამისი ორგანოები მოახდენენ რეაგირებას.
„პირადად მე ვიყავი ჩართული და ვთხოვე ჩვენს მეგობრებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომ გაზრდილიყო დამკვირვებელთა რაოდენობა. ჩვენ გვაქვს საქმე ისეთ ოპონენტთან, რომელსაც არაერთხელ უკადრებია, რომ გარკვეული სცენები დაედგა. ამასაც ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ რაზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ, ბუნებრივია, ნებისმიერ დარღვევასა თუ ხარვეზზე რეაგირება უნდა იყოს ძალიან მკაცრი. თუ მართლა ჰქონდა ადგილი ასეთ შემთხვევებს, შესაბამისი ორგანოები მოახდენენ ოპერატიულ რეაგირებას.
​დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი, ისევე, როგორც ჩვენი მეგობრები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან, ევროპული სტრუქტურებიდან, აუცილებლად ნახავენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არჩევნები ტარდება უმაღლესი სტანდარტით“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისათვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები