დედა სიდონიასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

„დედა სიდონია (ყაჭეიშვილი) არ მოქმედებს არც საბერძნეთის და არც საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობით და ამდენად, მის საჯარო ქმედებებთან არცერთ ეკლესიას კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საპატრიარქო განმარტავს, რომ დედა სიდონია დიდი ხანია, რაც საბერძნეთის ეკლესიის დაქვემდებარებაშია და „დიდი სქემაც“ იქ მიიღო.
„ა.წ. 16 ნოემბერს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა, დაჯილდოებულთა შორის დაასახელა დედა სიდონიაც (ყაჭეიშვილი), რომელსაც ჩვენი საზოგადოება მედიის საშუალებით ასე თუ ისე იცნობს და შეცდომით საქართველოს ეკლესიის წევრად მიიჩნევს, რაც არასწორია, თუმცა აქამდე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია არასდროს დაგვიფიქსირებია; ახლა კი როდესაც იგი მონაზვნის სახედ წარმოგვიდგინეს, ვალდებულნი ვართ, ხალხს მცირე ინფორმაცია მაინც მივაწოდოთ.
დედა სიდონია კარგა ხანია საბერძნეთის ეკლესიის დაქვემდებარებაშია და დიდი სქემაც იქ მიიღო. დიდსქემოსნობა, ფაქტობრივად, განდეგილური ცხოვრების წესს ნიშნავს, რაც ამ პიროვნებისთვის, სამწუხაროდ, საერთოდ უცხო აღმოჩნდა. იგი არ მოქმედებს არც საბერძნეთის და არც საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობით და ამდენად, მის საჯარო ქმედებებთან არცერთ ეკლესიას კავშირი არა აქვს“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, 16 ნოემბერს, ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა ცენტრმა ტოლერანტობის ქომაგები დააჯილდოვა, რომლებიც ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა გამოავლინეს. დაჯილდოებულებს შორის იყო დედა სიდონიაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები