სოსო არჩვაძე: ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას საარჩევნო ასპექტში ვერ განვიხილავთ, ეს მთავრობის სტრატეგიული კურსის გამოვლინებაა

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე მთავრობის ინიციატივას, ე.წ. “შავ სიაში” მყოფი 600 ათასზე მეტი მოქალაქის დავალიანების განულების შესახებ, დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არჩევნებს არ უკავშირდება, არამედ ორიენტირებულია მოსახლეობისა და ბიზნესისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად.
“ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრის რანგში ყოფნის დროს, მამუკა ბახტაძე ამ იდეებს აჟღერებდა. ეს ჩვენ უნდა განვიხილოთ, ერთ-ერთი ნაბიჯი იმისათვის, რომ საქართველოში ბიზნესსაც და მოსახლეობასაც შეექმნას გარკვეული შეღავათი და უკეთესი პირობები ბიზნესის საწარმოებლად და ცხოვრებისათვის. ეს არ არის დეკლარაციული განცხადება. რომ შევხედოთ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს, იქ სოციალური ხარჯები იზრდება დაახლოებით, 10 პროცენტით და საგადასახადო ტვირთი უმცირდება ბიზნესს და მოსახლეობას 160-180 მილიონ ლარამდე. ეს ამ საკითხის სხვადასხვა კომპონენტია, და თუ მთლიანობაში შევხედავთ, ვიღებთ შემდეგ სურათს: საბიუჯეტო შეღავათები ერთი, მეორეს მხრივ კი საგადასახადო ტვირთის შემცირება და დავალიანებისგან განთავისუფლება. თუ ამ ყველაფერს ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის რანგში შევხედავთ ეს ყველაფერი უნდა განვიხილოთ, როგორც საქართველოს მოქალაქეებისა და ქართული ბიზნესისთვის უფრო მეტი შეღავათისა და კომფორტის შექმნის საშუალება.
როგორც ცნობილია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს უფრო ძვირი საბანკო პროცენტები აქვთ, ვიდრე კომერციულ ბანკებს, დაახლოებით, 3-4 ჯერ ძვირი. ამიტომ მთავრობის ეს გადწყვეტილება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება მათთვის, ვინც ძირითადად ვალს იღებდა თავისი ყოფითი პრობლემის გასაუმჯობესებლად. ეს მოსახლეობის 1/3-ს მაინც ეხება. ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, მისცეს დამატებითი იმპულსები საზოგადოებაში არსებულ რესურსებს. მულტიპლიკატორული ეფექტი გააჩნია არამხოლოდ ფულს, არამედ იმ სამთავრობო გადაწყვეტილებას, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. ეს იქნება ძალიან კარგი ეფექტის მომტანი, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილება ათავისუფლებს მოსახლების მნიშვნელოვან ნაწილს ვალებისგან და მცირე ბიზნესის ნაწილს შეზღუდვებისგან, რაც მათი ეკონომიკურ საქმიანობაში აქტიური ჩართვის წინაპირობაა. ეს ერთ-ერთი კარგი ინსტრუმენტია დავალიანებების მქონე მოსახლეობისთვის აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში”, – აცხადებს სოსო არჩვაძე.

ცნობისთვის, დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. მისივე თქმით, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები