“პოლიტიკური კიკუ, მიდის იქ, სადაც “ფულია”-რას პასუხობს მურმან დუმბაძე საზოგადოებას

“პოლიტიკური კიკუ”, – ასე შეაფასა საზოგადოების ნაწილმა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი, მურმან დუმბაძე, მის მიერ “ქართული ოცნების” მხარდამჭერების მისამართით გაკეთებული განცხადების შემდეგ, სადაც მან “ოცნების” მხარდამჭერ საზოგადოებას “დაბნეული ცხვრები” უწოდა.
“კვირა” საზოგადოების ნაწილის გაღიზიანების შესაფასებლად მურმან დუმბაძეს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ “ფულიდან შიმშილში წავიდა, როცა ოპოზიციაში გადავიდა.
“პოლიტიკური კიკუ ხელისუფლებაში მიდის, კიკუები ბიძინა ივანიშვილთან მოიკითხე, მურუსიძეებში, ზარდიაშვილებში, 2012 წლის, 2 ოქტომბერს ნაციონალებიდან რომ ქართულ ოცნებაში გადავიდნენ. მე ფულიდან წავედი შიმშილში. საზოგადოებას აქვს იმის უფლება, რასაც ფიქრობს ის თქვას, ეგ არ არის ჩემთვის პრობლემა”, – აცხადებს დუმბაძე.
მურმან დუმბაძემ, რომელსაც პოლიტიკოსობაზე აქვს პრეტენზია, საარჩევნო კამპანიებში ამომრჩევლის “წყევლა” შეურაცხყოფით ჩაანაცვლა.
პოლიტიკოსი, რომელიც 2012 წელს მარჯვენა ხელის გახმობით იმუქრებოდა და “ქართული ოცნების” სიით პარლამენტის იმუნიტეტით 4 წელი სარგებლობდა, პოლიტიკურ “გახმობას” ვერ ეგუება და კვლავ პარლამენტის სკამისთვის იბრძვის. ის გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერია და ფიქრობს, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დეპუტატის მუნდირს კვლავ მოირგებს.
მურმან დუმბაძის განცხადებით, ამომრჩეველი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა, “დაბნეული ცხვარია”.
კითხვაზე, აქვს თუ არა მურმან დუმბაძეს მორალური უფლება, რომ ამომრჩეველი “დაბნეულ ცხვარს” შეადაროს, ყოფილი დეპუტატი მოკლე პასუხით შეომიფარგლა და აცხადებს, რომ მას ამის უფლება აქვს:
“დიახ, მე მაქვს ამის მორალური უფლება. ადამიანი, რომელიც ვერ გაარჩევს კეთილსა და ბოროტს, პერსპექტივასა და უპერსპექტივობას ერთმანეთისგან, შემიძლია ვუწოდო დაბნეული ცხვარი. თქვენ ვინ გეკითხებათ მე რას ვიტყვი? ვინ მოგცათ ამის უფლება რომ მე მირჩიოთ? მე რასაც მინდა ვიტყვი”, – აღნიშნა მურმან დუმბაძემ “კვირასთან” საუბრისას.
მას შემდეგ, რაც მურმან დუმბაძეს 2016 წელს პარლამენტში ვადა ამოეწურა, ერთი წლის განმავლობაში ამერიკაში იმყოფებოდა და მოგზაურობდა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. მისი თქმით, ის ამერიკაში შვილის სანახავად ჩავიდა, რომელიც იქ ცხოვრობს.
ყოფილმა დეპუტატმა, როგორც თვითონ აცხადებს, ჯერ კიდევ 2004 წელს იწინასწარმეტყველა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მმართველობას ცუდად დაასრულებდა. მაშინ ის ხელვაჩაურის გამგებელი იყო, სადაც მხოლოდ 18 დღე დაჰყო. თუმცა, დღეს ამბობს, რომ მას პროგნოზი არასდროს ღალატობს:
“2012 წელს სწორად ვიწყევლებოდი და 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამ არჩევნებს “ქართული ოცნება” წააგებს და ამას შეეგუეთ. მე ერთადერთი პოლიტიკოსი ვარ, ვინც მადლობა გადავიხადე იმისთვის, რომ უანგაროდ მხარი დაუჭირეს სახელისუფლო კანდიდატს. 2 კვირაში ქართველი ხალხი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური ხელისუფლება დასრულდება და ერთ ადამიანს თმის ღერი არ ჩამოუვარდება”, – ამბობს მურმან დუმბაძე.
აღსანიშნავია, რომ მურმან დუმბაძის პოლიტიკურ ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, იგი “პოლიტიკურ გემოვნებას” ხშირად იცვლიდა.
22 წლის განმავლობაში რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო, საიდანაც საკუთარი მოსაზრებების გამო გარიცხეს.
უფრო ადრე კი, (2004 – 2008) აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო.
ბოლო წლების დაკვირვებები ცხადყოფს, რომ მურმან დუმბაძე სწორედ იმ პოლიტიკოსებზე “ქორწინდება”, სადაც დიდი ფულია. უნდა აღინიშნოს, რომ სანამ მურმან დუმბაძე “ქართული ოცნების” მხარდამჭერი გახდებოდა, მანამდე ის უკრაინელი ბიზნესმენის ლეონიდ ჩერნოვეცკის თანამოაზრეც იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მას დღემდე ახსოვს, 2011 წელს აქციის შემდეგ, შსს-ს მთავარ სამმართველოში თუ როგორ დაამტვრიეს ფრჩხილები, მისი პოლიტიკური სიმპატიები, ამჟამად, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძისკენ იხრება. საზოგადოების ნაწილს მურმან დუმბაძე “პოლიტიკურ ბიზნესმენად” აფასებს. ამიტომ დუმბაძე მიდის იქ, სადაც “ფულია”.
“ის რომ 2011 წელს, სამმართველოში ფრჩხილები დამამტვრიეს არც ეგ დამვიწყებია და რომ არ დამავიწყდა, იმიტომ ჩამოაგდო ქართველმა ხალხმა 2012 წლის 1 ოქტომბერს ის ხელისუფლება და იმიტომ დავასრულეთ ის ხელისუფლება. მე მილიონერებთან კი არ მივდივარ, არამედ თვითონ მეძახიან. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმაც თავად დამიძახა. ახლა გაერთიანებულმა ოპოზიციამ დამიძახა. მე კი არ მივდივარ, ისინი მეძახიან. კონკრეტულად გიორგი ვაშაძემ და პაატა დავითაიამ დამიძახეს. პროგნოზს ვაკეთებ, რომ ხელისუფლებაში ვერასოდეს მოვლენ კრიმინალები, ბანდიტები, ახლა ვიწინასწარმეტყველებ იმას, რომ 2 კვირაში ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა საქართველოში დასრულდება, დასრულდება კრიმინალური წარსული და ხელისუფლება”, – აცხადებს მურმან დუმბაძე.

 

https://www.youtube.com/watch?v=4F4kIajucdQ&fbclid=IwAR2F3MwOE4VhquEekHdhxJ8J8PYweO4mRIhyI3vX6IpXywzjFNh0Frpat-g

https://www.youtube.com/watch?v=p1o0d4YH_ZY

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები