„კაცი ოქროს სისხლით“ – როგორ გადაარჩინა კეთილმა ავსტრალიელმა ორი მილიონი ბავშვის სიცოცხლე
მრავალი წლის წინ ავსტრალიელი ჯეიმს ჰარისონი სიკვდილის პირას იყო. გულმკერდის ოპერაცია 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ქირურგებმა ჯეიმსს უამრავი ნაკერი დაადეს და, დაახლოებით, 13 ლიტრი სისხლი გადაუსხეს. ყველაფერი კარგად დასრულდა. როდესაც ახალგაზრდამ საავადმყოფო დატოვა, მტკიცედ გადაწყვიტა, რომ გამხდარიყო რეგულარული სისხლის დონორი, რათა ისევე დახმარებოდა ხალხს, როგორც მას დაეხმარნენ. თუმცა, ჯეიმსმა მაშინ არ იცოდა, რამდენად ღირებული დონორი გახდებოდა.
ჰარისონმა სრულწლოვანებამდე დაიწყო სისხლისა და პლაზმის რეგულარული დონაცია. ოპერაციის შემდეგ, ფაქტობრივად, იმ მოლოდინით ცხოვრობდა, რომ დონორი გახდებოდა. მალე ადგილობრივ საავადმყოფოში გამოიძახეს. იქ ჯეიმსს აუხსნეს, რომ მისი სისხლი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტისხეულებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმ ბავშვების გადარჩენაში, რომელთაც დედისგან განსხვავებული რეზუს ფაქტორი აქვთ.
ზოგადად, თუ დედას უარყოფითი რეზუს ფაქტორი აქვს, ხოლო ბავშვს – დადებითი და დედის სისხლში ანტისხეულები უფრო აქტიურია, მაშინ ისეთი რეაქციები მიმდინარეობს, რომლებიც სხვადასხვა ნეგატიურ შედეგს იწვევს. ჯეიმსს სისხლში სპეციალური ანტისხეულები ჰქონდა, რის საფუძველზეც იმუნოგლობულინის ვაქცინის გამომუშავება დაიწყეს. ექიმების აზრით, აღნიშნული ანტისხეულები ავსტრალიელის სხეულში მაშინ გამოჩნდა, როდესაც, ოპერაციის გამო, დიდი რაოდენობით სისხლის გადასხმა დასჭირდა. მისი პლაზმა იმდენად ღირებული აღმოჩნდა, რომ ავსტრალიის მთავრობამ მამაკაცის სიცოცხლე 1 მილიონ დოლარად დააზღვია.
ჯეიმსი ახლა 80 წელზე მეტისაა. ის სამ კვირაში ერთხელ აბარებს პლაზმას. 2011 წლის მაისში მან ეს მეათასედ გააკეთა, რითაც გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა. დადგენილია, რომ ჯეიმს ჰარისონმა ხელი შეუწყო ორი მილიონი ბავშვის, მათ შორის, საკუთარი ქალიშვილის სიცოცხლის გადარჩენას.