შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

“გირჩის” მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.
„გირჩის“ მიერ გავრცელებული განცხადებების საფუძველზე, ე.წ. მარიხუანას ფესტივალის ორგანიზების ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება 2018 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273 პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით დაიწყო, რაც მცენარე კანაფის/მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.
ამასთან, ე.წ. ფესტივალის დაანონსების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა არაერთი განცხადება, რომლითაც საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ფესტივალის მართლსაწინააღმდეგო ხასიათისა და საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი მთელი რიგი ქმედებების შესახებ.
იხილეთ განცხადებები:

https://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministros-gantskhadeba/12063

https://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministros-gantskhadeba-girchis-aqtsiaze/12076

ფესტივალის ორგანიზატორებს მოვუწოდეთ, თავი შეეკავებინათ ნარკოტიკული საშუალებების პოპულარიზაციის, სამართალდარღვევების ჩადენის წახალისების და ღონისძიების ორგანიზებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდარღვევის ჩამდენი ნებისმიერი პირის (მათ შორის “გირჩის” წარმომადგენლების თუ პრეზიდენტობის კანდიდატის) მიმართ გამოყენებული იქნებოდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
აღნიშნული გაფრთხილებების მიუხედავად, 2018 წლის 20 ოქტომბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, დედაენის ბაღში (მათ მიერ გავრცელებული განცხადების შესაბამისად), ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას გასაღების და მოხმარების მიზნით, შეიკრიბნენ გირჩის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, თუმცა დედაენის ბაღში შეკრებილებმა ვერ შეძლეს ე.წ. ფესტივალის გამართვა.
სამართალდამცველებმა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედება – ჩხრეკის ჩასატარებლად, პოლიციის დაწესებულებაში გადაიყვანეს ფესტივალის მონაწილე 8 პირი. აღნიშნულ პირებს, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, ჩაუტარდათ ჩხრეკა და გამოკითხვის შემდეგ, დატოვეს პოლიციის დაწესებულება. ჩხრეკის შედეგად, ორი პირისგან ამოღებული იქნა მცირე ოდენობით, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, რომელსაც უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა.
სამართალდამცველებმა, ასევე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, დააკავეს 6 პირი.
რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, ე.წ. ფესტივალის ორგანიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მის მიმართ ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, ზურაბ ჯაფარიძემ ფესტივალის მიმდინარეობისას, სხვადასხვა პირზე გაასაღა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.
ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცველებმა მას შესთავაზეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. ზურაბ ჯაფარიძე პოლიციას განყოფილებაში გაჰყვა ნებაყოფლობით, სადაც მას ჩაუტარდა ჩხრეკა, გადაუდებელი აუცილებლობით და გამოკითხვის შემდეგ, დატოვა პოლიციის დაწესებულება. მის მიმართ ჩატარებული ჩხრეკის შესახებ საარჩევნო კოდექსის 103-ე მუხლის საფუძველზე, ცესკო-ს ინფორმირების მიზნით, ეცნობა საქართველოს პროკურატურას.
ნარკოტიკული საშუალებების (მათ შორის, მარიხუანას) პოპულარიზაციის, მოხმარების წახალისების და გასაღების წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
საჯარო სივრცეში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების, პოპულარიზაციის და გასაღების ნებისმიერი მსგავსი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი სამართალდამცველების მიერ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტში განიხილება და რომელიც მარიხუანას მოხმარებას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს”, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები