პროკურორი: გამოძიება ბიზნესმენის შვილის გატაცებაში ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების მონაწილეობის ვერსიაზეც მუშაობს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გატაცებაში ბრალდებულ 5 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათი სასამართლოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირება უკვე განხორციელდა.
როგორც საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გამოძიება ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის, გიორგი დეკანოიძის გატაცებაში ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების მონაწილეობის ვერსიაზეც მუშაობს. პროკურორის, ბექა ხუნაშვილის განმარტებით, გამოძიება ყველა ვერსიას განიხილავს და შეისწავლის. მისივე განმარტებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესაძლო,ა საქმეზე გამოძიების დაწყებამდე გადავიდნენ.
„ნაწილმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა შესაძლოა, მოახდინა იმ ეტაპამდე, ვიდრე საქმეზე გამოძიება დაიწყებოდა. საქმეზე გამოძიება გრძელდება. არანაირ ვერსიას არ გამოვრიცხავთ და ყველა ვერსიას შევისწავლით”, – აღნიშნა საქმის პროკურორმა, ბექა ხუნოშვილმა.
რაც შეეხება საქმეზე დაკავებული 10 პირიდან ხუთის გათავისუფლებას, ბექა ხუნაშვილს არ დაუკონკრეტებია, თუ რა მიზეზით არ წაუყენეს ამ ადამიანებს ბრალი. ამასთან, პროკურორი მიიჩნევს, რომ 5 ბრალდებულთან მიმართებაში, სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო და მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
“ჩვენს ინტერესებში არანაირად არ შედიოდა მათი მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელება, მტკიცებულებების განადგურება თუ მიმალვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუნებრივია, ჩვენი ეს არგუმენტაცია გაიზიარა. გამოძიება გრძელდება. ამ 5 პირის გარდა, ბუნებრივია, იდენტიფიცირებულნი უნდა იყვნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა სავარაუდო წევრები. მე, როგორც პროკურორი, გარწმუნებთ, რომ თითოეული პირი, რომელსაც დაუდგინდება მიზეზობრივი ბრალეული კავშირი ამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, კანონის ფარგლებში, სამაგალითოდ იქნება დასჯილი”, – განაცხადა ბექა ხუნაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ ახალგაზრდას თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.
თავდაპირველად, სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად, 10 პირი, მათ შორის, ერთი ქალი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები