პროკურორი: მირზა სუბელიანმა ნაწილ კითხვებზე პასუხის გაცემისგან ამ ეტაპისთვის თავი შეიკავა

ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, 12 ოქტომბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, დღეს მირზა სუბელიანი გამოიკითხა.
პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, სუბელიანმა რიგ შეკითხვებს პასუხი არ გასცა, რის გამოც ის კვლავ გამოიკითხება. ზვიად გუბელაძე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ აკონკრეტებს, რა კითხვები დაესვა სუბელიანს და რა პასუხები გასცა მან გამოძიებას:
„დღეის მდგომარეობით, მოწმის სახით იქნა გამოკითხული მირზა სუბელიანი. პროკურატურას მასთან ჰქონდა ათეულობით შეკითხვა. ძირითადი კითხვები დაესვა მას, ნაწილ კითხვებზე დღეის დგომარეობით, მიღებული იქნა პასუხი, ნაწილ კითხვებზე მირზა სუბელიანმა პასუხის გაცემისგან ამ ეტაპისთვის თავი შეიკავა. მისი გამოკითხვა კვლავ მოხდება. კვლავ გამოცხადება ბრალდების მხარე, პროკურატურა და დაესმევა ის კითხვები, რომელზეც მან პასუხის გაცემისგან დღეის მდგომარეობით თავი შეიკავა.
მესმის, რომ არსბეობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, გაქვთ კითხვები, პროკურატურასაც აქვს კითხვები და გვსურს, მივიღოთ პასუხები, თუმცა რა კითხვები დაესვა და რა პასუხები იქნა მიღებული, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებთ“,-განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.
ამასთან, პროკურორის განმარტებით, მიმდინარეობს გამოძიება, თუ ვინ განახორციელა აუდიოჩანაწერა და ვის მიერ გავრცელდა ის.
„იმ შემთხვევაში თუ იქნება დასაბუთებული ვარაუდის საკმარისი მტკიცებულებები, საზოგადოებას დამატებით ეცნობება ამის შესახებ“,-აცხადებს პროკურორი.
ჟურნალისტის კითხვაზე- მირზა სუბელიანი რა მდგომარეობაში იყო ფსიქიკურად, როდესაც შედგა საუბარი მასსა და ვიქტორ ჯაფარიძეს შორის, პროკურორმა ასე უპასუხა:
„ზოგადად ჩვენების შინაარსის გაჟღერებისაგან თავს შევიკავებ, თუმცა არაერთხელ გაუჟღერებია მის ადვოკატებს და ბრალდების მხარემაც განვაცხადეთ, რომ საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება დღეის მდგომარეობით, დამატებითი დეტალებისგან ამ ეტაპისთვის თავს შევიკავებთ“,-განაცხადა ზვიად გუბელაძემ.
პროკურორის ინფორმაციით, გამოკითხვის პროცესს ადვოკატი კახაბერ ხვისტანი ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571 -ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები