შსს „გირჩის“ მიერ კანაფის ფესტივალთან დაკავშირებულ განცხადებებს დანაშაულის ორგანიზების განზრახვად აფასებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის“ მიერ დაანონსებულ ე.წ. ფესტივალთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამინისტრო „გირჩის“ მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ განცხადებებს აფასებს როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას.
„საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღება, მოხმარება და პოპულარიზაცია დასჯადია. კანონით ასევე ისჯება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ორგანიზება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის“ მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ განცხადებებს აფასებს როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებას და მოქალაქეთა წახალისებას ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში.
ამ განცხადებების საფუძველზე, სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.
იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ფესტივალზე ვინმეს (მათ შორის პოლიტიკური გაერთიანების წევრების თუ საპრეზიდენტო კანდიდატის) მხრიდან ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას – ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია სამართალდამრღვევი ყველა პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„გირჩი“ 20 ოქტომბერს დედა ენის ბაღში კანაფის ლეგალიზებასთან აღსანიშნავად ფესტივალს ჩაატარებს, სადაც მისულებს მარიხუანის ყიდვა და მოხმარება შეეძლებათ.
საკითხთან დაკავშირებით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გამართა. მისი განმარტებით უწყებამ ამ განცხადებაზე უკვე დაიწყო საქმის გამოძიება 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.
შსს-ს ოფიციალური განცხადების საპასუხოდ პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ საზოგადოებას აქვს შანსი პირდაპირ ეთერში ნახონ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები