ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ წევრები ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდნენ
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე და ფრაქციის წევრები, ლევან გოგიჩაიშვილი და ირაკლი აბუსერიძე, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს, ვალერიან ხასაშვილსა და მის მოადგილეს, გიორგი თევდორაშვილს შეხვდნენ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა სამსახურის ხელმძღვანელი პირებისაგან ინფორმაციის მიღებას სამსახურის ძირითადი მიზნების, ფუნქციებისა და ზედამხედველობის განხორციელების მექანიზმების შესახებ.
ფრაქციის წევრები დაინტერესდნენ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების სფეროში მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულების მხრივ არსებული მდგომარეობით, საზედამხედველო ორგანოებთან ინფორმაციის ურთიერთგაცვლის პრაქტიკითა და ამ კუთხით გამოვლენილი პრობლემებით.
საუბრის თემატიკა ასევე ეხებოდა მოწინავე ქვეყნების პრაქტიკის გაზიარების მიზნით გატარებულ ღონისძიებებსა და სამსახურის თანამშრომლობას საერთაშორისო და უცხოურ ორგანიზაციებთან.
ამავდროულად, მხარეებმა განიხილეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მომზადებული კანონპროექტი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“, რომელიც პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება.
ფრაქციის წევრების განცხადებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას წარმოადგენს და ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ სამსახურის გამჭვირვალე და მიუკერძოებელ სამუშაო პროცესს.