ადვოკატი: მირზა სუბელიანმა სხეულზე დაზიანებები სუიციდის მცდელობის გამო მიიღო

ბრალდებულ მირზა სუბელიანის ადვოკატი, ინგა ჩალაური, აცხადებს, რომ მირზა სუბელიანმა სხეულზე დაზიანებები სუიციდის მცდელობის გამო მიიღო.
ჩალაურმა შესაბამისი კომენტარი სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებასთან გააკეთა.
ადვოკატი, კოლეგა ეკა ხუციშვილთან ერთად, მირზა სუბელიანთან შევიდა.
“ადგილი ჰქონდა ძალადობას, ვერაფერს გეტყვით. ახლა მოვედით შესახვედრად, თუმცა სუიციდის მცდელობის შედეგად, მან მიიღო სხეულზე დაზიანებები – ფეხებზე, ხელსა და კისერზე. რაც შეეხება საჯაროდ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, დეტალებს ვერ ჩავუღრმავდები, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მირზა სუბელიანი დაკითხული არ არის და მისი პოზიცია უცნობია”, – აცხადებს ადვოკატი.
მისი თქმით, სუბელიანი რთულ ფსიქოემოციურ მდგომარეობაშია.
“მიმდინარეობს ფსიქოლოგიური შეტევა იმ ადამიანზე, ვინც დღეს პატიმრობაშია. სწორედ ასეთ ქმედებას ვგულისხმობ – ჩანაწერის გავრცელებას შედეგად მოჰყვა ის, რომ სუბელიანს ჰქონდა სუიციდის მცდელობა. ჩემი აზრით, ამ აუდიოჩანაწერების გავრცელება მიზნად ისახავდა ასეთი შედეგის დადგომას. მირზა სუბელიანი დღეს მძიმე, რთულ ფსიქოემოციურ მდგომარეობაშია”, – განაცხადა ინგა ჩალაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები