გიორგი მერებაშვილის ადვოკატი: სადაა ლოგიკა, ორგანიზატორს არ აძლევენ პასუხისგებაში და შემსრულებელს აძლევენ
არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისი იქნებოდა გიორგი მერებაშვილის პასუხისგებაში მისაცემად, – ამის შესახებ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულ გიორგი მერებაშვილის ადვოკატმა, კახა ხვისტანმა, ჟურნალისტებთან განაცხადა.
ადვოკატი აცხადებს, რომ ის გიორგი მერებაშვილის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს.
„მე გიორგი მერებაშვილის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ. არ არის არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისი იქნებოდა გიორგი მერებაშვილის პასუხისგებაში მისაცემად. საგანგაშოა. მერებაშვილს იჭერენ და მიშა სააკაშვილს, ვისი ორგანიზებითაც ჩაიდინა ეს დანაშაული, არ აქვს ბრალი წარდგენილი. მე კი არ ვიძახი, რომ მასაც წარუდგინონ ბრალი, თუმცა სადაა ლოგიკა, ორგანიზატორს არ აძლევენ პასუხისგებაში და შემსრულებელს აძლევენ“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე, პროკურატურამ ყოფილი ხელისუფლების სამი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა.
„საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი. სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გ.მ., მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლ.ქ.-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რ.შ.-ს კი წარედგინათ ბრალდებები”, – აცხადებენ პროკურატურაში.