დავით ზალკალიანმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის” საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო, რომელიც მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, ლუქსემბურგში გაიმართა.
მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობაზე, ინიციატივაში ჩართული ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესზე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავალზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება. გამომსვლელებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ასოცირებული ქვეყნების პროგრესზე და მათ სამომავლო მიზნებზე. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის 10 წლისთავს, რომელიც მომავალ წელს აღინიშნება.
საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატის მნიშვნელობასა და სამომავლოდ მისი განვითარების ხედვებზე.
დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და იმ ხელშესახებ შედეგებს, რაც ქვეყანამ აღნიშნული ფორმატის ფარგლებში მიიღო. მინისტრი მიესალმა ევროკავშირის ინიციატივას „20 შედეგი 2020 წლისთვის” ეფექტური იმპლემენტაციისთვის გაწეულ ძალისხმევას. მისი განცხადებით, აღნიშნული მიზნები სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის პროგრამასთან და ახალი მინისტრთა კაბინეტის სამოქმედო ამოცანებთან.
„საქართველოს აქვს ხელშესახები შედეგები როგორც ასოცირების ხელშეკრულების, ისე ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო მიმოსვლის სახით. ითქვა, რომ საქართველო არის ლიდერი, და ჩვენ აუცილებლად ვიმსახურებთ უფრო მეტს. მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირში აქტიურად საუბრობენ პრინციპზე მეტი-მეტისთვის, ამიტომ დიფერენცირებული მიდგომა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ფორმატის განვითარებისთვის”,- განაცხადა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტერიალის დასრულების შემდეგ.
საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზნებზე საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს საბოლოო მიზანს, რაც ევროკავშირში სრულფასოვან გაწევრიანებას უკავშირდება და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს არსებული მექანიზმების მიღმა გადადგას ნაბიჯები ინტეგრაციის პროცესის გასაღრმავებლად,რასაც ემსახურება ინიციატივა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შესახებ.
„საქართველოს აქვს უაღრესად ამბიციური გეგმა, ჩვენი საბოლოო მიზანი არის წევრობა და წევრობისთვის აუცილებელია უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. პარტნიორებს ვესაუბრე საგზაო რუკის და იმ პრინციპების შესახებ, რაზეც ის არის დაფუძნებული, აუცილებელია მათი მხრიდან მეტი ჩართულობა”,- განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის” საიუბილეო თარიღის აღნიშვნის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ სწორედ საიუბილეო თარიღთან იქნება დაკავშირებული ბათუმის ტრადიციული საერთაშორისო კონფერენცია.
მინისტერიალის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. მონაწილეების მხრიდან კიდევ ერთხელ იქნა დაგმობილი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და გამოხატული იქნა მხარდაჭერა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. დავით ზალკალიანმა სხვადასხვა ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე,განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ევროკავშირის მნიშვნელობას ადგილზე მშვიდობის შენარჩუნებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების უზრუნველყოფაში.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის” საგარეო საქმეთა მინისტერიალს ლუქსემბურგში 2018 წლის 15 ოქტომბერს უმასპინძლეს. ღონისძიება გაიმართა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინისა და ევროკომისარის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანის მონაწილეობით. აღნიშნულ შეხვედრას, ასევ ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრი ქვეყნების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები