დავით ზალკალიანი: საქართველო აღიარებულია, როგორც ლიდერი ქვეყანა, რომელსაც აქვს ხელშესახები პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

„აღმოსავლეთ პარტნიორობა მომავალ წელს აღნიშნავს დაფუძნებიდან 10 წლისთავს, დღევანდელი მინისტერიალი იქნება ერთგვარი გააზრება იმისა, თუ ამ 10 წლის განმავლობაში რა გაკეთდა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ევროპაში ინტეგრაციის გზაზე. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო აღიარებულია ,როგორც ლიდერი ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული ხელშესახები პროგრესი ამ მიმართულებით.” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტმა, დავით ზალკალიანმა, რომელიც ლუქსემბურგში დღეს დაგეგმილ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის” საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს უკვე აქვს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით, ასევე მოქმედებს ევროკავშირთან თავისუფალი სავიზო მიმოსვლა, თუმცა ქვეყანას გააჩნია ძალიან ამბიციური გეგმები, იმისათვის რომ კიდევ უფრო ღრმად წავიდეს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ამ კუთხით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საგზაო რუკაზე (ROADMAP2EU), რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის.
„აღნიშნულ შეხვედრას გამოვიყენებთ სწორედ იმისთვის, რომ ვისაუბროთ ამ თემებზე და ასევე მომავალ პერსპექტივებზე. ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან გვაქვს ძალიან მკაფიო მხარდაჭერა, რაც არაერთხელ იქნა გამოხატული როგორც საჯარო დეკლარაციებში, ისე კონკრეტული საქმიანობითაც.” – აღნიშნა მინისტრმა.
დავით ზალკალიანის განცხადებით, ერთი კონკრეტული მაგალითი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ბრიუსელის სამიტის გადაწყვეტილების შედეგად – 20 შედეგი 2020-სთივს მივიღეთ, გახლავთ საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის გახსნა, “რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე”.
მინისტრის განცხადებით, ხელშესახები შედეგების წარმოჩენის კუთხით აქტიურად გაგრძელდება მუშაობა მომავალშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები