გოგა ხაინდრავა ფარულ ჩანაწერებზე: როგორც გადმომცეს, „რუსთავი 2“ ჩემი ანატომიური მონაცემებით დაინტერესებულა

მსგავს ჩანაწერებს არ ვუსმენ, თუმცა, როგორც გადმომცეს ჩემი ანატომიური მონაცემებით დაინტერესებულა „რუსთავი 2“, – ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს რეჟისორი გოგა ხაინდრავა.
შესაბამისი კომენტარი ხაინდრავამ „კვირასთან“ საუბარში გააკეთა.
„მე ზოგადად „რუსთავი 2“ -ს არ ვუყურებ და ასეთ ჩანაწერებს არ ვუსმენ, თუმცა, როგორც გადმომცეს, ჩემი ანატომიური მონაცემებით დაინტერესებულა „რუსთავი 2“ და ამის შემდეგ მეცოდინება გვარამიას და „რუსთავი 2“ -ის გული რითი უნდა მოვიგო. თუ ეგეთი რაღაცები აინტერესებდათ, ჩემ პერსონასთან დაკავშირებით, ეგ თუ იყო ინტერესის სფერო ამდენი ხანი რას მიმალავდნენ, რათ უნდოდათ სუბელიანი, პირდაპირ ჩემთვის მოემართათ და ყველაფერს ვაჩვენებდი და ავუხსნიდი“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
კითხვაზე რა ურთიერთობა ჰქონდა ხაინდრავას პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანთან, მირზა სუბელიანთან, ხაინდრავა აცხადებს, რომ მას სუბელიანი მხოლოდ ორჯერ ჰყავს ნანახი.
მირზა სუბელიანთან არავითარი ურთიერთობა არ მქონია სულ ორჯერ მყავს ნანახი ცხოვრებაში, ანაკლიაში ფესტივალზე გადაღებები გვქონდა ჩვენ და ისიც იქ იყო, ეს არის და ეს, მეტი არაფერი“, – განაცხადა ხაინდრავამ და აღნიშნა, რომ საკითხზე უფრო ვრცელ კომენტარს ვერ გააკეთებს.
ცნობისთვის, საუბარია „რუსთავი 2“-ის ეთერში გუშინ გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებზე, რომელიც ტელეკომპანიის მტკიცებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ფიგურირებენ.
გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, ერთ-ერთ ეპიზოდში, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი გოგა ხაინდრავასაც ახსენებს და მისი მადლიერია.
„კაცურად გეტყვი რა, გოგა ხაინდრავას ვენაცვალე ყვ..ებში, კაცი ორჯერ მყავს ნანახი, სადაც გამოდის კარგის მეტს არაფერს არ ლაპარაკობს, ნუთუ ის არ დავიმსახურე, ეს დედამ…ნული, რომ ელემენტარულად ვიღაცას ეთქვა, რომ არ არის ეს ის კაცი…პოლიტიკოსებს ენები რომ აქვთ გადმოგდებული“ , – ნათქვამია ჩანაწერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები