დეპუტატებმა გაერო-ს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში აღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედური ანგარიში მოისმინეს

სახელწიფო უწყებების მიერ წარმოდგენილი შუალედური ანგარიშები იყო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სხდომის დღევანდელი თემა. დეპუტატებმა შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებისგან მოისმინეს ანგარიშები გაერო-ს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში აღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განმარტებით, შუალედური ანგარიშის მომზადება განაპირობა საქართველოს მიერ გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში აღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედური ანგარიშის ადამიანის უფლებათა საბჭოში წარდგენის ვალდებულებამ, რომელიც ქართულმა მხარემ 2015 წლის ნოემბერში გამართული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მეორე ციკლის ფარგლებში ნებაყოფლობით აიღო საკუთარ თავზე.
”მისასალმებელია პარლამენტის ასეთი აქტიური ჩართულობა ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების წინაშე წარსადგენი სახელმწიფო ანგარიშების მომზადების, შესრულების და მონიტორინგის პროცესში. დარწმუნებული ვარ, საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობა ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში კარგ შედეგს მოიტანს“, – განაცხადა მომხსენებელმა.
სხდომაზე ანგარიშები წარმოადგინეს იუსტიციის, შინაგან საქმეთა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საქმეთა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროებმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა.
კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, კომიტეტი საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში აგრძელებს უწყებების ანგარიშების მოსმენას.
„მნიშვნელოვანია პარლამენტმა გააძლიეროს საზედამხედველო საქმიანობა და ეს პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, მაქსიმალური ჩართულობით. მოხარული ვარ, რომ კომიტეტის დღევანდელ სხდომას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლობით დასწრებას ვხედავ. კომიტეტმა დაამუშავა გაერო-ს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში აღებული ყველა რეკომენდაცია და მიმდინარე დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეული რეკომენდაცია სრულად ან ნაწილობრივ შესრულებულია. თუმცა, ბუნებრივის, ეს საკმარისი არ არის. ბევრი სეგმენტი გვრჩება, სადაც ძალისხმევა კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ. იმედი მაქვს, როცა პარლამენტში შემოვა რეკომენდაციების შესრულების ბოლო ანგარიში, მასში ყველა ვალდებულება სრულად გვექნება შესრულებული. ჩვენ ამაში მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს აღმასრულებელ ხელისუფლებას“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები