„ჩანაწერების ავთენტურობის დადასტურება ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დღეს სახელმწიფო ინსტიტუციები არ არსებობს“

„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე „რუსთავი 2“-ის ეთერში გუშინ გასულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება და თვლის, რომ პროკურატურის პოზიციამ აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა არაპირდაპირად დაადასტურა.
მისი თქმით, აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობის დადასტურება ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დღეს სახელმწიფო ინსტიტუციები არ არსებობს.
„თუ ამ ჩანაწერების ავთენტურობა დასტურდება ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დღეს არ გვაქვს სახელმწიფო, არ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუციები და ქვეყანა იმართება მაფიოზური მენტალიტეტის მქონე, არაფორმალური გავლენის ცალკეული პირებისგან. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, ჩვენს შვილებს ასეთ საქართველოში, არ გაგვაჩნია და არ გვაქვს ღირსეულად ცხოვრების და მომავლის პერსპექტივა, სრულიად ბუნებრივად მიმაჩნია და არ მიკვირს პროკურატურის რეაქციაც, რამაც არაპირდაპირ დაადასტურა ამ ჩანაწერების ავთენტურობა და ნაცვლად იმისა, რომ პროკურატურა იძიებდეს სინამდვილეა თუ არა ჩანაწერი და მართლაც არსებობენ თუ არა ამ ქვეყანაში არაფორმალური, შეიარაღებული დაჯგუფებები, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება იმაზე თუ ვინ ჩაწერა და ვინ გამოიტანა გარეთ ჩანაწერები“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ცნობისთვის, საუბარია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებზე, რომელიც ტელეკომპანიის მტკიცებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ფიგურირებენ.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერზე, გამოძიება ორი დღის წინ დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები