“ნაცმოძრაობა” დაიძრა უფრო პოპულიზმისკენ, საუბრობს ისეთ თემებზე, რომელიც არარეალიზებადია”

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანებაზე საუბრობს.
„ვანო ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ჩვენი მეგობრობა არ დაწყებულა პოლიტიკით. ბუნებრივია, პატივს ვცემ მის აზრს. გუშინდელმა ჩანაწერებმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ მის მიმართ ძალადობა განხორციელდა, ძალით იქნა გაყვანილი და ის, რაც ჩვენ ვიცოდით, კიდევ ერთხელ დადასტურდა.
რაც შეეხება პარტიებს, ჩვენ გავიყავით არა პირადი დაპირისპირების ან ემოციის გამო, რადგან ფუნდამენტურ საკითხებში არის ფუნდამენტური განსხვავება, რაც დღეს უკვე კარგად ჩანს. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიძრა უფრო პოპულიზმისკენ, საუბრობს ისეთ თემებზე, რომელიც არარეალიზებადია და პოპულისტურ ხასიათს ატარებს. ჩვენ ამას კატეგორიულად ვემიჯნებით.
„ევროპული საქართველო“ არ არის პოპულისტური პარტია, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც რეალისტურად გასაკეთებელია, იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა დაიძრას და სამუშაო ადგილები შეიქმნას. განსხვავება ბევრია, მაგრამ ყველა პარტიასთან საერთო ამოცანა გვაქვს ის, რომ არჩევნების გზით გავისტუმროთ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებისგან“,- განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს მიერ გავრცელებულ ვანო მერაბიშვილის სატელეფონო ინტერვიუში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს რომ, იგი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გაერთიანდეს.
„მინდა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ერთიანი“ , – აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.
კითხვაზე, როგორ უყურებს ის პარტიის გაყოფას და რომელი პოლიტიკური ძალის შეხედულებებს იზიარებს, ვანო მერაბიშვილი პასუხობს, რომ მისთვის ორივე პარტიაში არიან მეგობრები და მიზანია, რომ ეს ძალები საერთო მიზნის მისაღწევად კვლავ გაერთიანდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები