თსუ-ის სტუდენტებმა აღსრულების სამართლის კურსი გაიარეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აღსრულების ეროვნულ ბიუროში სამართლის ზოგადი კურსი გაიარეს. ტრენინგები თსუ-ის თვითმმართველობისა და ბიუროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ერთკვირიანი ზოგადი კურსი აღსრულების სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 50-მდე სტუდენტმა გაიარა.
როგორც “კვირას” აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს, მომავალმა იურისტებმა აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. სემინარების ფარგლებში, ისინი გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას, აღსრულების ორგანოების სტრუქტურას, სამართლებრივ სტატუსებსა და კომპეტენციას, სააღსრულებო წარმოების მონაწილე მხარეებსა და მათ სამართლებრივ მდგომარეობას, აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს, აღსრულების ეტაპებს, გაიმართა დისკუსიები და განიხილეს რეალური შემთხვევები. ​
სტუდენტებმა პრეზენტაციები აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების, მათ შორის: მოვალეთა რეესტრის, ელექტრონული აღსრულების, ფაქტების კონსტატაციის, გამარტივებული საქმისწარმოების და გადახდისუუნარობის შესახებ მოისმინეს.
პროექტის მიზანი, სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება, სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვაა.
ტრენინგებს სააღსრულებო თემატიკაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები: ეკატერინე ახალკაცი, მარიამ კლდიაშვილი, ეკატერინე მარხვაშვილი და პაატა შამუგია უძღვებოდნენ.
აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო სისტემისა და საქმისწარმოების შესახებ ტრენინგებს სტუდენტებთან მომავალშიც განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები