„პარლამენტი თბილისშიც იმუშავებს“

        რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობის ტექნიკურად აღჭურვის დასრულებისთანავე პარლამენტი საქმიანობას თბილისშიც დაიწყებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პარლამენტის თბილისში მუშაობის დაწყების მიზანი საკომიტეტო მუშაობის გაუმჯობესებაა. “პლენარულ სხდომაზე საკითხების სიღრმისეული განხილვა თითქმის შეუძლებელია. პლენარულ სხდომაზე შეჯერებული, ათჯერ აწონილ-დაწონილი საკითხები უნდა შემოვიდეს და იქ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. ამიტომ მთავარი მიმართულება უახლოეს წლებში საპარლამენტო საქმიანობის გაუმჯობესების კუთხით, საკომიტეტო მუშაობის გაუმჯობესება იქნება. ზუსტად ამიტომ რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობაში, ნაცვლად ორი საკომიტეტო დარბაზისა, რაც ადრე იყო, საკომიტეტო სხდომებისთვის დამატებით ათი ოთახი იქნება. რუსთაველზე მდებარე შენობის ტექნიკურად აღჭურვისთანავე პარლამენტი თბილისშიც გააგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება პარლამენტის ქუთაისში ყოფნას, აქ არ არის ლაპარაკი სიზარმაცეზე და სიარულის ხარჯებზე, აქ საუბარია იმაზე, რომ კომიტეტები ვერ მუშაობენ და პარლამენტიც ვერ მუშაობს. პარლამენტი გათიშულია საერთო სისტემიდან, რადგან ჩვენ დამაგრძელებლით ვართ შეერთებული სახელისუფლებო სისტემას. პრიორიტეტია საკომიტეტო მუშაობის გაუმჯობესება. თებერვლის შუა რიცხვებისთვის მოსალოდნელია ძალიან სერიოზული პროექტის დაწყება ევროკავშირთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, რომლის ძირითადი ნაწილი სწორედ საკომიტეტო მუშაობის გაუმჯობესებაა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, პარლამენტის დედაქალაქში დაბრუნების საკითხი კვლავ კონსტიტუციურად მოსაგვარებელ თემად რჩება, თვეები დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები