სასამართლო არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობს

მცხეთის რაიონული სასამართლო არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობს.
როგორც საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულები გურწიევი და ტაბოევი იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ გადმოდიან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
„წარმოდგენილია საქმის მასალები, დაზარალებულთა დაკითხვის ოქმები, მოწმეთა დაკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა გამოკვლევის შედეგადაც მიგვაჩნია, რომ 2018 წლის 22 თებერვალს სწორედ ბრალდებულების მიერ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და მასთან ერთად მყოფი პირების თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ასევე, შემდგომი წამების მიზნით ე.წ. სამართალდამცველი ორგანოებისთვის არჩილ ტატუნაშვილის გადაცემა. დაკავებას და სამართალდამცველებისთვის ტატუნაშვილის გადაცემას მოჰყვა მისი წამება და შემდგომ გარდაცვალება. დღევანდელ პროცესზე გადაისინჯება ბრალდებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებები“, – განცხადა პროკურორმა.
დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის მიმართ ბრალდების მუხლი გადაკვალიფიცირდა და პროკურატურა მათ 144-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით ედავება, რაც ადამიანის წამებით სიკვდილს გულისხმობს. მათ ბრალი დაუსწრებლად აქვთ წარდგენილი.
ცნობისათვის, არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს ინტერპოლის წითელი ცირკულარითაც ეძებენ.
ინტერპოლმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირებზე ძებნა მიმდინარე წლის 13 სექტემბერს გამოაცხადა.
დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. ამის შემდეგ, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრა. აღნიშნულ პირებს საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილისთვის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთა და დამამძიმებელ გარემოებებში არჩილ ტატუნაშვილის წამება ედებათ ბრალად. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები