კახა კალაძე: 2019 წლის 1 ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ

“დედაქალაქში 2019 წლის 1 ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამავე პერიოდიდან, ტაქსის სერვისის განხორციელებას ვერ შეძლებენ სამკარიანი და მარჯვენა საჭიანი ავტომობილები.
„მინდა, ყველა თავიდანვე გავაფრთხილო, რომ უნებართვო საქმიანობის მიმართ მკაცრი მიდგომა გვექნება, ჯარიმა 200 ლარს შეადგენს. ერთწლიანი ნებართვის საფასური შიდა წვის ძრავიან ავტომობილზე შეადგენს 100 ლარს, ჰიბრიდულზე 50 ლარს, ელექტრო ავტომობილებისთვის კი, უფასოა“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, მერის განმარტებით, სატრასნპორტო პოლიტიკის მეორე ეტაპია ვიზუალური სტანდარტი და გადაწყდა, რომ ყველა ტაქსი მომავალი წლის 1 ოქტომბრიდან თბილისში თეთრი უნდა იყოს.
„საუბარია ფერზე, ჩვენ ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ თეთრი ფერი იყოს, რომელიც სავალდებულო იქნება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან. ამასთან, მომავალი წლის ოქტომბრიდან სამკარიანი და მარჯვენა საჭიანი ავტომობილები ვერ შეძლებენ ამ სერვისის გაწევას“, – განაცხადა კალაძემ.
ასევე, მისი თქმით, ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში გამოიყოფა სპეციალური უფასო პარკირების ადგილები, ასევე საკუთარ ავტომობილებზე რეკლამისთვის ექნებათ გამოყოფილი კონკრეტული ადგილი და რეკლამიდან შესული თანხა მათი საკუთრება იქნება.
„გარდა ამისა, ტაქსის მანათობელი, რომელსაც დედაქალაქის მერია დაამზადებს, მათ გადაეცემათ უფასოდ. დაზიანების და გატეხის შემთხვევაში კი, მათ შემდეგ ყიდვა მოუწევთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები