“პალიტრამედია” განცხადებას ავრცელებს

„პალიტრამედიის” სტამბაში პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ. ამის შესახებ “პალიტრამედიის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“გვსურს საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ, რომ 24 სექტემბერს, ჩვენთვის უცნობი, საქმე N 074210818803-ის გამოძიების მოტივით, “პალიტრამედიას” სტამბაში (შპს “კოლორპაკი”), შევიდნენ მთავარი პროკურატურის გამომძიებლები და მოითხოვეს 01.01.14-დან 11.09.18-ის ჩათვლით “სრული სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტაცია (დედანი) და საწარმოს ამავე პერიოდის კორესპონდენცია (დედანი)” – ციტატა განჩინებიდან.
“პალიტრამედია” აცხადებს: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის გაუგებარია, რას ემსახურება და რა აუცილებლობით არის განპირობებული კომპანიიდან დოკუმენტაციის ძირფესვიანად ამოღება; მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს უფლება ზ.ა. განჩინება გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოში, გადავწყვიტეთ გასაჩივრების და გართულების გარეშე გადავცეთ პროკურატურას მოთხოვნილი მონაცემები, ვინაიდან როგორც წლების წინ, წინა ხელისუფლების პერიოდში 2011 წელს, “პალიტრამედიას” ტოტალური შემოწმებისას ვიყავით დარწმუნებული ჩვენი საქმიანობის გამჭვირვალობაში (რაც მაშინ, შემოწმების შედეგებმაც დაადასტურა), ახლაც ზუსტად ისევე ვართ საკუთარი ქმედებების კანონიერებასა და გამჭვირვალობაში დარწმუნებული.
ამავე დროს, გვსურს განვაცხადოთ, რომ ყველა დოკუმენტის დედანი გადაეცემა პროკურატურას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენს მიერ, უახლოეს დღეებში გაკეთდება მათი ასლები და მოხდება თითოეულის ნოტარიული დამოწმება.
“პალიტრამედია” ყურადღებით დააკვირდება ამ პროცესს და მაქსიმალურად სრულად და გამჭვირვალედ ვაცნობებთ საზოგადოებას საქმის განვითარების ყოველი ახალი დეტალის შესახებ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები