რომელ სასურსათო პროდუქციის ნიმუშებში აღმოჩნდა ტყვია – კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის ინფორმაცია

ზრდასრულებში სურსათისმიერ ტყვიის ჯამურ მიღებაში ყველაზე მეტი წვლილი მიუძღვის სუნელებს, შემდეგ ხორცს, რძის პროდუქტებს, მარცვლეულსა და მის ნაწარმს და ბოსტნეულს, – ამის შესახებ სურსათში ტყვიასთან ასოცირებული რისკის შეფასების ანგარიშში წერია, რომელიც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრს ეკუთვნის.
სურსათში ტყვიასთან ასოცირებული რისკის შეფასების ანგარიშის შესახებ დღეს მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის წარმომადგენლებმა, ლეილა ტაბატაძემ და მამუკა კოტეტიშვილმა ისაუბრეს.
სურსათში ტყვიის შემცველობის განსაზღვრისთვის გამოიყენეს სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის მონიტორინგის მონაცემები (ძროხის ხორცი, ნედლი რძე, სუნელები).
„სურსათში ტყვიის ყველაზე მეტი კონცენტრაცია აღმოჩნდა სუნელებში. სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც დაადასტურა, რომ სუნელების გარკვეულ ნიმუშებში ტყვიის შემცველობა ძალიან დიდი რაოდენობით აღმოჩნდა. განსაკუთრებით ეს უკავშირდებოდა ყვითელი ყვავილის შემცველ სუნელებს. ჩვენი ანალიზით, სუნელებში ტყვიის ასეთი კატასტროფული შემცველობა გარემოდან არ უნდა იყოს განპირობებული, თუ გავითვალისწინებთ გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებს, ნიადაგსა და ჰაერში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, სადაც საშუალო მონაცემები ნორმას არ აჭარბებს. სამეცნიერო კვლევების შედეგების ანალიზით ირკვევა, რომ ნიადაგიდან მცენარეებში ტყვიის შეთვისების კოეფიციენტიც ძალიან დაბალია. ჩვენი აზრით, ეს ნამდვილად დაკავშირებულია ფალსიფიცირებასთან. ეს დაადასტურა კიდეც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ, რომ სუნელებში აღმოჩნდა საღებავები და თანაც არასაკვები საღებავები. უკვე მიღებულია გარკვეული დროებითი ზომები სუნელების ფალსიფიცირებასთან დაკავშირებით და მონიტორინგის შედეგებიც საიმედოა. ასეთი დარღვევები დიდი რაოდენობით აღარ არის“, – განაცხადა ლეილა ტაბატაძემ.
როგორც ანგარიშში წერია, ტყვიის ყველაზე მაღალი შემცველობა გამოვლინდა ყვითელი ყვავილის შემცველ სუნელებში, რომელშიც ამ ქიმიური აგენტის კონცენტრაცია შეადგენდა საშ. 1327.7 მგ/კგ, ხოლო მხოლოდ ყვითელ ყვავილში – საშ. 1757.4 მგ/კგ-ს (ნორმა 5 მგ/კგ).
„ნორმაზე მეტი, საშუალო კონცენტრაციების თვალსაზრისით, ტყვია იყო ძროხის ხორცში, თუმცა არა საგანგაშო კონცენტრაციით, დასაშვები ნორმაა 0,1 მილიგრამი კილოგრამში და ამ დროს საშუალო კონცენტრაცია, რაც გამოვითვალეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემების ანალიზის საფუძველზე, იყო 0, 34 მგ, მეორე – რძე გახლავთ. აქაც ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან ჭარბობს ტყვიის შემცველობა, თუმცა ნორმას არ შეესაბამება. მისაღებია 0, 02 მგ/კგ, მაშინ, როცა საშუალოდ სინჯებში იყო 0, 03 მილიგრამი კილოგრამზე. ვერ ვიტყვი რომ კონცენტრაციები საგანგაშოდ მაღალია. სხვა სურსათიც შემოწმებული იქნა და უმეტეს შემთხვევაში, ეს იქნება კვერცხი, ქინძი, წიწაკა, აჯიკა, კარტოფილი. უნდა ითქვას, რომ კონცენტრაციები არ აჭარბებს დადგენილ ნორმას“, – განაცხადა მამუკა კოტეტიშვილმა.
ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 2012 წლიდან 2017 წლამდე აღებული სასურსათო პროდუქციის ნიმუშების 2,38% არის ტყვიით დაბინძურებული.
„2012 წელს დარღვევა არ გამოვლენილა 145 აღებულ ნიმუშში; 2013 წელს აღებული იქნა 354 ნიმუში. დარღვევა გამოვლინდა მხოლოდ ირანული წარმოშობის მარილში. უნდა აღინიშნოს, რომ ირანს გააჩნია ტყვიის შემცველი საბადოების დიდი მარაგი. ამჟამად, ის ტყვიის მწარმოებელი უმსხვილესი ქვეყანაა. მეორეს მხრივ, კი იმ რეგიონებში, სადაც ტყვიის წარმოება მიმდინარეობს დიდი პრობლემები აქვს გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის კუთხით. ამიტომ მნიშვნელოვანია ირანული წარმოშობის პროდუქციის შემოწმება საზღვარზე; 2014 წელს აღებული იქნა 723 ნიმუში, თუმცა დარღვევა არ გამოვლენილა; 2015 წელს აღებული იქნა 654 ნიმუში და გამოვლინდა 11 დარღვევა, მათ შორის სასმელ წყალში, ჭარხალში, ყავაში, თხილში, სუნელში, საქონლის ხორცში, კვერცხში და თევზში; 2016 წელს აღებული იქნა 637 ნიმუში, სადაც 48 შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ სასმელ წყალში-ჭიათურის რაიონი სოფელი ხალიფაური, საქონლის ხორცი – 43 შემთხვევა, ფრინველის ხორცი – 1, ღორის ხორცი – 1, ხოლო რძე – 2 შემთხვევა; 2017 წელს 11 ივლისის მონაცემებით ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეულ იქნა 174 ნიმუში, აქედან დარღვევა დაფიქსირდა 4 შემთხვევაში, კერძოდ კი სუნელებში”, – წერია დოკუმენტში.
აქვე აღნიშნულია, რომ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით დასავლეთ საქართველოს დიდი ქალაქების ნიადაგებში ტყვიის შემცველობა გამოვლინდა:
„1. ქალაქი აბაშა, სადაც აღებული იქნა 5 ნიმუში, აქედან ტყვიის შემცველობის გადაჭარბება დაფიქსირდა 1 შემთხვევაში – სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე;
2. ქალაქი ბათუმი, აღებულ იქნა 5 ნიმუში, აქედან ტყვიის შემცველობის გადაჭარბება დაფიქსირდა 1 შემთხვევაში, სკოლა ლიცეუმთან, ბაგრატიონის ქ. #117;
3. ქალაქი ზესტაფონი, აღებულ იქნა 5 ნიმუში, აქედან ტყვიის შემცველობის გადაჭარბება დაფიქსირდა 1 შემთხვევაში, აბესაძის ქუშის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა 2 შემთხვევაში ტყვიის შემცველობა ძალზედ ახლოსაა ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციასთან, კერძოდ სვირის გადასასვლელთან და ფეროშენადნობთა ქარხნიდან ჩრდილოეთით, 600-მ-ში;
4. ქალაქი ზუგდიდი, აღებულ იქნა 5 ნიმუში, აქედან ტყვიის შემცველობის გადაჭარბება დაფიქსირდა 1 შემთხვევაში, აღმაშენებლის ქუჩა #145-ში, თუმცა 2 შემთხვევაში ტყვიის შემცველობა ძალზედ ახლოსაა ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციასთან, კერძოდ რუსთაველის ქ #403-ში და გამსახურდიას ქ #28-ში;
5. ქალაქი ოზურგეთი, აღებულ იქნა 5 ნიმუში, აქედან ტყვიის შემცველობის გადაჭარბება დაფიქსირდა 1 შემთხვევაში, კერძოდ, კვლევით ინსტიტუტთან;
6. ქალაქი სენაკი, აღებულ იქნა 5 ნიმუში, აქედან ტყვიის შემცველობის გადაჭარბება დაფიქსირდა ყველა შემთხვევაში, კერძოდ, ქალაქის ხიდთან, რუსთაველის ქ. #113; კოსტავას ქ,#39 I სკოლასთან; პარკის მიმდებარე ტერიტორია; სადგურის მიმდებარე ტერიტორია მშვიდობის ქ, # 196;
7. ქალაქი ფოთი, აღებული იქნა 5 ნიმუში, აქედან ტყვიის შემცველობის გადაჭარბება არ დაფიქსირებულა, თუმცა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ეკლესიასთან აღებულ სინჯში ტყვიის შემცველობა თითქმის უტოლდება ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციას;
8. ქალაქი ქობულეთი, აღებულ იქნა 5 ნიმუში აქედან ტყვიის შემცველობის გადაჭარბება დაფიქსირდა 1 შემთხვევაში, ქალაქის შესასვლელთან;
9. ქალაქი წყალტუბო, აღებულ იქნა 5 ნიმუში, აქედან ტყვიის შემცველობის გადაჭარბება არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა;
10. ქალაქი ბოლნისი, სინჯები აღებული იქნა სამი წერტილიდან, აქედან ორში დაფიქსირდა ტყვიის გადაჭარბება (გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემები, 2017 წ). ამავე წლის ჩვენი კვლევის მონაცემების მიხედვით, ბოლნისის რაიონში ტყვია გვხვდება ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციაზე მაღალი, კერძოდ, სამთომომპოვებელი კომპანია RMG -ის მიმდებარე სოფლებში, რომელნიც 0-10 კმ რადიუსით არიან დაცილებულნი. ტყვიის მეტად დიდი შემცველობები დაფიქსირდა კარიერიდან ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებებში.
2017 წლის მონაცემებით, ტყვიის რაოდენობა ნიადაგებში საგანგაშოდაა მომატებული 2014 წელთან შედარებით. კვლევის შედეგების თანახმად, ტყვია განიცდის მიგრაციას ნიადაგში და საბოლოო ჯამში ადამიანის ორგანიზმში ხდება მისი დაგროვება. ამიტომ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ბოლნისისა და დმანისის რაიონებში ტყვიის მატების მაღალი ტენდენციაა, რაც გამოწვეულია კომპანია RMG -ის სამთო მოპოვებითი საქმიანობით”, – წერია დოკუმეტში.

როგორც ლეილა ტაბატაძე ამბობს, მონაცემები არ არის რეპრეზენტატული.

„რაღაც 5 ნიმუშია, აუცილებლად უნდა ჩატარდეს ფართომასშტაბიანი კვლევები, რომ გამოიტანო დასკვნა“, – ამბობს ტაბატაძე.

ლეილა ტაბატაძის თქმით, საქართველოში ზრდასრულებში სურსათისმიერი ტყვიის მიღება შეადგენს 1,63 მიკროგრამს, სხეულის ერთ კილოგრამ წონაზე, ხოლო ბავშვებში 3.11 მიკროგრამი 1 კილოგრამზე, როცა ბავშვის წონა საშუალოდ 20 კილოგრამია.

„ეს მონაცემები შედარებული იყო შესაბამის ევროპულ მონაცემებთან, სადაც ზრდასრულებში ის მერყეობს 0.36 მიკროგრამსა და 1,24 მიკროგრამს შორის“, – განაცხადა ლეილა ტაბატაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები