მირიან ხოსიტაშვილი – კეთდება ახალი მუზეუმი, რომელშიც უნიკალური დოკუმენტები გამოიფინება

ქუთაისში, პარლამენტის შენობაში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოფენილი უნიკალური ხელნაწერები, იშვიათი წიგნადი გამოცემები, მხატვართა ნამუშევრები, საარქივო დოკუმენტები და ისტორიული მნიშვნელობის სხვა ტიპის მასალები ბევრმა ადამიანმა დაათვალიერა. როგორც “სითი კვირასთან” საუბრისას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი აღნიშნავს, ეს მასალები, სხვების მსგავსად, ბიბლიოთეკამ კერძო კოლექციონერებისგან საკუთარი სახსრებით შეიძინა, რითაც ისინი, ფაქტობირვად, საქართველოდან გატანას გადაარჩინა.

“ჩვენი ბიუჯეტის მიხედვით, პერიოდულად ვიძენთ ექსკლუზიურ საარქივო მასალას. 21 სექტემბერს გამოფენილი კონკრეტული მასალები ეხება იმ ქართველ მოღვაწეებს, რომელთა გამოცემებიც ჩვენი ქვეყნისათვის უნიკალურია. იშვიათი გამოცემების გარდა, გამოფენაზე წარვადგინეთ ივანე ჯავახიშვილის ხელნაწერები, დავით კაკაბაძის ნახატი “ტერენტი გრანელი” და ასევე, სხვადასხვა საარქივო დოკუმენტი, რომელიც, თავისი მნიშვნელობით, ძალიან დიდია.”- აცხადებს მირიან ხოსიტაშივილი და დასძენს, რომ ასეთი დოკუმენტური მასალა ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

მისივე თქმით, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ილია ჭავჭავაძის წიგნიც შეიძინა, რომელიც მისივე ავტოგრაფითაა დამშვენებული. ამასთან ერთად, პარლამენტში გამოიფინა დოკუმენტები პირველი მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის არმიაში მომსახურე ქართველი ჯარისკაცების შესახებ.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის ცნობით, ზემოხსენებული უნიკალური გამოცემებისა და დოკუმენტებისთვის, სპეციალური მუზეუმიც კეთდება, რომელშიც მნიშვნელოვანი დოკუმენტები გამოიფინება. მსურველებს მათი დათვალიერება ყოველთვის შეეძლებათ და ვიზიტიც უფასო იქნება.

“ქუთაისში, გამოფენაზე დამთვალიერებლების მიერ გამოხატულმა ინტერესმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სპეციალური დარბაზ-მუზეუმის გახსნა საჭიროა. რაც მათავარია, ამ ყველაფრით მხოლოდ მეცნიერები არ დაინტერესებულან. გამოფენაზე სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესის ბევრი დამთვალიერებელი მოვიდა. რაც შეეხება ახალ მუზეუმს, ის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიდებს ბინას”- განმარტავს მირიან ხოსიტაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები