ზაზა გაბუნია: მამუკა ბახტაძეს პრაქტიკულად მთელი ამერიკული პოლიტიკური და სამოქალაქო ელიტა მასპინძლობს

ჩვენ ვხდავთ, რომ პრემიერ მამუკა ბახტაძის ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობს უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრები თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და აშშ-ს კონგრესში. ასევე არასამთავრობო და საექსპერტო წრეების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს პრაქტიკულად მთელი ამერიკული პოლიტიკური და სამოქალაქო ელიტა მასპინძლობს.
“პრემიერ ბახტაძეს პრაქტიკულად მთელი ამერიკული პოლიტიკური და სამოქალაქო ელიტა მასპინძლობს. შეხვედრა შედგა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონთან. მნიშვნელოვანია მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის ლიდერი რეგიონში და ის რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება არის სამაგალითო და საქართველო ხდება დასაყრდენი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის რეგიონში და რეგიონს მიღმა. აღსანიშნავია, რომ ჯონ ბოლტონის მხრიდან, ასევე დადასტურდა მხარდაჭერა ეკონომიკურ განზომილებაში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. პრემიერი შეხვდა აშშ-ს სენატის უმრავლესობის ლიდერს, სენატორ ჯონ კორნინს, სენატის საგარეო ურთიერთობების ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ლინდსი გრემს, სენატორებს ბობ კორკერს და ბობ მენენდეზს, USAID-ის მმართველ მარკ გრინზ, OPIC-ის აღმასრულებელ დირექტორს, რეი უოშბერნს, Porter Novelli-ის პრეზიდენტს, ჯენიფერ სვინტს, American Enterprise Institute-ის ხელმძღვანელობას და მოწვეულ საგარეო პოლიტიკის ექსპერტებს, IFES-ის (International Foundation for Electoral Systems) პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს უილიამ სუინისს და დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან. ეს ვიზიტი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო, ღრმა, ძალიან პერსპექტიულ თანამშრომლობას”, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები