დავით ზალკალიანი: უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრა მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან ჯონ ბოლტონთან გამართული შეხვედრა მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაში.
ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში საქართველოს პრემიერ მინისტრისა და ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველს შორის თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
დავით ზალკალიანის შეფასებით, შეხვედრაზე შედგა საგნობრივი საუბარი როგორც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ისე რეგიონში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე.
„ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში არის უაღრესად გამოცდილი დიპლომატი, ადამიანი, რომელსაც აქვს სრულყოფილი ინფორმაცია და ანალიზი რეგიონში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი იყო რომ მას ჩვენი მხრიდან გაეგო და მოესმინა ჩვენი ხედვა თუ როგორ ვაფასებთ არსებულ გამოწვევებს”-განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით შეხვედრაზე საუბარი შეეხო, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, ისე რეგიონში არსებულ სიტუაციას, მათ შორის აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესებს „მოგეხსენებათ, რომ აშშ ჩართულია მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის, ასევე საუბარი იყო აშშ-სთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ჩვენს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და აღინიშნა, რომ ის აუცილებლად უნდა იყო თავსებადობაში და შესაბამისობაში ჩვენს ძალიან მაღალ პოლიტიკურ ურთიერთობებთან”-განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრის ინფორმაციით შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. როგორც მინისტრმა აღნიშნა აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და ეს ასევე აღინიშნა ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე.
დავით ზალკალიანის განცხადებით ჯონ ბოლტონთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მოისმინა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველის ხედვა რუსეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში მუდმივად აყენებენ საქართველოს თემატიკას, კერძოდ აღნიშნავენ რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის ის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისთვის”-განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით 16-21 სექტემბერს ვაშინგტონს სტუმრობს.
დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის და საქართველოს დელეგაციის უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრები თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და აშშ-ს კონგრესში. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება აშშ-ს არასამთავრობო და საექსპერტო წრეების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს. ასევე, გაიმართება შეხვედრები აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID), ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (MCC) და აშშ-ს უცხოური კერძო ინვესტიციების კორპორაციაში (OPIC);

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები