რამაზ საყვარელიძე: სიცილ-ხარხარი გამოიწვია იმან, რომ ხელისუფლება, რომელიც სიგარეტს კრძალავს, მარიხუანას ლეგალიზაციას აკეთებს

რაღა მარიხუანას ავითარებ, ჯერ ის განავითარე, რაც ადამიანს შეერგება მაინც, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა და ფსიქოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საყვარელიძე საქართველოში მარიხუანას კულტივირების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რომელიც მის რეიტინგს ხელს არ შეუწყობს.
„ბევრი სიცილ-ხარხარი გამოიწვია იმან, რომ ხელისუფლება, რომელიც სიგარეტს კრძალავს, მარიხუანას ლეგალიზაციას აკეთებს. ნაბიჯები გაუგებარია. მარიხუანას ძლიერი ნარკოტიკული ეფექტი აქვს. ეს არ არის მძიმე ნარკოტიკი, მაგრამ ადამიანი მსუბუქ ნარკოტიკს რომ შეეჩვევა, მერე მძიმეზე უფრო ადვილად გადადის.
პოლიტიკური ფსიქოლოგიის მხრიდან კიდევ ერთი საკითხია საინტერესო: ხელისუფლება ამ ნაბიჯს დგამს და წინაა არჩევნები, ნაბიჯი მოსახლეობის დიდ ნაწილში არ არის პოპულარული, მით უმეტეს, ემატება, რომ ამასთან დაკავშირებით სამღვდელოებამ პროტესტი გამოთქვა, მას კი თავის მრევლი ჰყავს, დიდი გავლენა აქვს. ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რომელიც მის რეიტინგს ხელს არ შეუწყობს“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული თემა „ქართული ოცნებისთვის“ ანტირეკლამა გამოდის.
„ის არის საინტერესო, რამ გადაადგმევინათ ეს ნაბიჯი? ისედაც რთული არჩევნები იქნება „ქართული ოცნებისთვის“, კიდევ ეს მარიხუანას თემა ანტირეკლამა გამოდის პარტიისთვის. თანაც, ამას არაფერი ითხოვდა. როცა საუბრობენ კომერციულ ბაზარზე, საქართველო ვერ იქნება ამ მხრივ წამყვანი, ბევრი კონკურენტი ეყოლება აღმოსავლეთში. მეორეც, ლაპარაკია მხოლოდ სამკურნალო და კოსმეტიკუტ სფეროებზე. რა ეკონომიკური შედეგი შეიძლება ამ სფეროებში მარიხუანამ მოიტანოს იმხელა, რაც ამ ნაბიჯს ხარვეზი შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური მიმართულებით. შეიძლება ხვალ-ზეგ ჩაიაროს, ამ არჩევნებზე უარყოფითი შედეგები არ მოჰყვეს , მაგრამ ეს ყველაფერი უარყოფითი ნელ-ნელა გროვდება და სადღაც ფეთქდება ხოლმე.
ასეთ სურათს ვიღებთ: თბილისის ყველა მოსახვევში დგას კაზინოები, რომელსაც ვერ ნახავ ევროპის ქვეყნებში, ისინი ცდილობენ ამ ხარვეზისგან გათავისუფლდნენ. ყველა მოსახვევში არის მასაჟის სალონები, რაც იგულისხმება ცნობილია. უცებ შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს აზრი, რომ საქართველო ხდება თანამედროვე ევროპული ქვეყნებისგან უკუგდებული სიამოვნებების საბუდარი. შეიძლება სამომავლოდ იმისთვის, ვინც ამაზე ააწყობს თავის პოლიტიკურ იმიჯს, მომგებიანი აღმოჩნდეს. რაღაცა ღირებულებები ზიანდება, ეროვნული ღირებულებები. ამ ღირებულებების გამო შეიძლებ ქართველების გულში გამოძახილი იპოვოს რუსულმა პოლიტიკამ, რომელიც დეკლარირების დონეზე მკაცრად უპირისპირდება ამ ტიპის მოვლენებს. შეიძლება ამ ყველაფერმა რუსულ გავლენას შეუწყოს ხელი.
რაც შეეხება ჩამონათვალს – ლობიო, კიტრი, პომიდორი და მარიხუანა, ჩვენ დღეისთვის ლობიოს, კიტრის, პომიდვირის მომყვან გლეხს ხელს ვერ ვუწყობთ. ქართული პროდუქცია უარეს დღეშია, ვიდრე იმპორტირებული პროდუქცია, სოფლის მეურნეობის განვითარებას სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ხელს უშლის. რაღა მარიხუანას ავითარებ, ჯერ ის განავითარე, რაც ადამიანს შეერგება მაინც“, – განაცხადა საყვარელიძემ.
ცნობისთვის, მთავრობა ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით, მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს განიხილავს. სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას კულტივაციის ლიცენზირებისთვის სპეციალური სააგენტო შეიქმნება. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, ეს სააგენტო განსაზღვრავს ლიცენზიის საფასურს და კონკურსის პირობებს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები