არჩევნებთან დაკავშირებით, შს მინისტრსა და ცესკოს თავმჯდომარეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
“მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის ძირითადი მიზანი გახლავთ პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო საქმიანობა და, რა თქმა უნდა, ამ არჩევნების დროსაც, შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად ნეიტრალური იქნება. ჩვენთვის, ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია მშვიდ გარემოში ჩატარებული საარჩევნო პროცესი და არჩევნები. ეს მემორანდუმი იმას ითვალისწინებს, რომ ჩვენი თანამშრომლები, პოლიციის წარმომადგენლები და საერთოდ, სამინისტროს წარმომადგენლები კვალიფიკაციას აიმაღლებენ, რათა შესაბამისად და წარმატებით გაართვან თავი ამ ამოცანებსა და გამოწვევებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია არის გარანტი იმისა, რომ მშვიდ გარემოში, წარმატებულად ჩავატაროთ არჩევნები, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მემორანდუმით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით, განისაზღვრა საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობისათვის დამატებითი ფორმები და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო.
“ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომელიც გახლავთ არჩვენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმება. ჩვენ 2016 წელს დავიწყეთ ეს ერთობლივი ინიციატივა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი IFES -ისა და USAID-ის ხელშეწყობით და უკვე მესამე წელია ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვთანხმდებით. უნდა აღვნიშნო, რომ უსაფრთხოება მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს საკუთარი კონსტიტუციური ნების თავისუფალ გარემოში გამოხატვის საშუალება. ჩვენ სწორედ ამას უზრუნველყოფთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. ვატარებთ სწავლების ერთობლივ პროგრამებს და უნდა აღვნიშნო, რომ შარშან, მაგალითად, სწორედ ჩვენი ერთობლივი საქმიანობის შედეგი იყო ის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება, რომ არჩევნების დღეს, 2017 წლის არჩევნების შემდეგ, არც ერთი ძალადობრივი ფაქტი არ დაფიქსირებულა”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
მემორანდუმი, არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, მხარეთა თანამშრომლობას, ასევე, ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები