მამუკა ბახტაძე: საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით მსოფლიოში მეცხრე ადგილზეა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით მსოფლიოში მეცხრე ადგილზეა.
მისივე თქმით, მომავალი წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები მიეცემათ იმ კომპანიებს, რომლებიც საზღვაო ბიზნესით არიან დაკავებულები.
„საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით მსოფლიოში მეცხრე ადგილზეა. ამავე დროს, ჩვენ მსოფლიოში მე-9 ადგილზე ვართ ყველაზე დაბალი გადასახადების კუთხით. გარდა ამისა, ჩვენ აჭარის ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, უკვე მომავალი წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები მივცეთ იმ კომპანიებს, რომლებიც საზღვაო ბიზნესით და ამ სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის სერვისის მიწოდებით არიან დაკავებულნი. ეს არის მართლაც უნიკალური საშუალება. შემიძლია დღეს გავაჟღერო რამდენიმე პრინციპი – კომპანიები ფაქტობრივად ნულოვან საგადასახადო რეჟიმში შეძლებენ ამ სექტორში მუშაობას, მათ ექნებათ წვდომა უნიკალურ ელექტრონულ სერვისებზე, შეძლებენ რეკრუტირებას ძალიან კომფორტულ გარემოში, ამავე დროს, მოხდება ჩვენი კანონმდებლობის სრული ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან და ბევრი სხვა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, საზღვაო ტრანსპორტის მიმართულების წარმატებით განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ახალი ლიდერების გაზრდა. „ტრანსპორტი და ენერგეტიკა გახლავთ სწორედ ის ორი დარგი, რომელიც აუცილებლად უნდა უსწრებდეს ეროვნული ეკონომიკის განვითარებას, სხვანაირად ის შეიძლება გახდეს ერთგვარი ვიწრო ყელი ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის და აქედან გამომდინარე ვახორციელებთ ასეთ მასშტაბურ ინვესტიციებს ამ მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ საზღვაო ტრანსპორტის მიმართულების წარმატებით განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ახალი ლიდერების გაზრდა, რაც სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ამ სექტორს საქართველოში. შესაბამისად, საზღვაო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ჩვენ ავირჩიეთ საზღვაო განათლება და, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ძალისხმევა აუცილებლად მოიტანს ძალიან პოზიტიურ შედეგებს“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები