საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, გიორგი მარგველაშვილს რწმუნებათა სიგელი გადასცა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ​პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს რწმუნებათა სიგელი გადასცა.
როგორც “კვირას” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემატიკაზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია განხილული იქნა სწორედ ის დღის წესრიგი, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებობს. ასევე სამომავლო გეგმები, რომელიც უნდა განხორციელდეს. ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში, ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირის მონიტორინგის მისია. განხილული იქნა ასევე უსაფრთხოების საკითხები“, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.
კარლ ჰარცელის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია დაკისრებული ამოცანის შესრულება.
„ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია საქართველოში ჩამოსვლა და აქ მუშაობა. მე უკვე ოფიციალურად ვარ ევროკავშირის ელჩი საქართველოში. მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა პრეზიდენტთან. ჩვენ გვაქვს საერთო შეხედულებები საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობებთან და სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით. ასევე გვაქვს დაახლოებული ხედვები, როგორ უნდა განვავითაროთ და გავაღრმავოთ ისედაც ბრწყინვალე ურთიერთობები”, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
კარლ ჰარცელი საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა. როგორც ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატი საქართველოში, ჰარცელი კოორდინირებას უწევს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებს და ევროკავშირის წარმომადგენლობის მუშაობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ასევე თანამშრომლობის საკითხებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები