პარლამენტის განათლების კომიტეტმა სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადებას მხარი დაუჭირა, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია, აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე პირები, საშემოსავლო გადასახადიდან გათავისუფლდნენ. საკანონმდებლო წინადადებას კომიტეტმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი და შემდგომი საბოლოო გადაწყვეტილებისთვის, საკითხზე პარლამენტის წამყვან კომიტეტს – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაეგზავნა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადების თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსში უნდა განხორციელდეს ცვლილება, რის მიხედვითაც საშემოსავლო გადასახადისაგან უნდა გათავისუფლდეს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი.
ორგანიზაციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ცვლილება უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლს, რომელშიც დაზუსტებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ ფიზიკურ პირთა სახეები, მეორე ნაწილს უნდა დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „დ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, არაუმეტეს 25 წლისა, რომლის შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს“.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრებმა, საკანონმდებლო წინადადების განხილვის პროცესში საკუთარი შეხედულებებიც გამოთქვეს. წინადადების დადებით მხარეებზე ისაუბრა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა.
საკანონმდებლო წინადადების, როგორც სამართლიანი მოთხოვნის ნაწილზე ყურადღება გაამახვილა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა და აღნიშნა, რომ საკითხის კანონად ქცევის შემთხვევაში, სტუდენტურ საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, მნიშვნელოვანი თანამშრომლობის მაგალითი შეიქმნება.
ამასთან, საკანონმდებლო წინადადების ტექნიკასა და მისი მომზადების პროცესში საკონსულტაციო შეხვედრების თაობაზე, კომიტეტს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა ორგანიზაციის მთავარმა იურისტმა, რუსლან ალექსიძემ. მანვე ისაუბრა წინადადების მიზნებსა და ამოცანებზე.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკანონმდებლო წინადადების შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო კანონპროექტის სამიზნე ჯგუფს და მათ სოციალურ მდგომარეობას. ორგანიზაციამ საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობის პროცესში, ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პრაქტიკასა და გამოცდილებაზე სტუდენტთა მიმართ ფინანსური შეღავათების გავრცელების კუთხით. ორგანიზაციამ 2017 წლის აგვისტოს მდგომარეობით, რეკომენდაციისა და შემდგომი შეფასებისთვის მიმართა გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საგანმანათლებლო უწყებებს. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის შედეგად დგინდება, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოქმედებს სპეციალური დაბეგვრის სისტემა, რომლის მიხედვითაც შემოსავლის დაბეგვრა იწყება იმ შემთხვევაში, თუ პირის შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 8 820 ევროს, რაც გულისხმობს იმას, რომ დასაქმებულ სტუდენტთა უდიდესი ნაწილი ხვდება აღნიშნულ კატეგორიაში. გარდა ამისა, გერმანიაში სტუდენტთა მიმართ მოქმედებს შეღავათიანი დაბეგვრის სისტემა, განათლების უფლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, სტუდენტთა შემოსავლებიდან არ იბეგრება ის თანხები, რომლებიც მიმართულია განათლების უფლების სრულყოფილი რეალიზებისკენ. რაც ეხება დიდი ბრიტანეთის საკითხს, ამ შემთხვევაშიც მოქმედებს შეღავათიანი ფინანსური პოლიტიკა, რაც გულისხმობს იმას, რომ სტუდენტთა შემოსავლები იბეგრება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათი ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ 958 ევროზე მეტია. ამასთან, ორივე ქვეყნის საგანმანათლებლო უწყება იწონებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადებას და გამოთქვამს მზაობას, დასახელებული მიმართულებით პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით თანამშრომლობაზე“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.
ცნობისთვის, ორგანიზაციის მხრიდან საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობა ორგანიზაციის იურისტების მონაწილეობით განხორციელდა. აღნიშნული „ახალგაზრდა ადვოკატების“ მეხუთე საკანონმდებლო წინადადებაა, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები