“მკაცრ ჩარჩოებშია მოქცეული მარიხუანას მოხმარება იმ კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტის წინაშე იქნება წარმოდგენილი”
მარიხუანას მოხმარების თაობაზე წარმოდგენილი კანონპროექტი არავითარ სივრცეს არ ტოვებს სპეკულაციებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის შეფასებისას განაცხადა.
მისი განცხადებით,საუბარია იმაზე, რომ კონკრეტული ეკონომიკური საქმიანობისთვის შეიძლება გაიხსნას ეს სფერო, თუმცა ლეგალიზაცია გამორიცხულია.
” მაქსიმალურად მკაცრ ჩარჩოებშია მოქცეული მარიხუანას მოხმარება იმ კანონპროექტის თანახმად, რომელიც საქართველოს პარლამენტის წინაშე უახლოეს დღეებში ოფიციალურად იქნება წარმოდგენილი. ამასთან, საუბარია სხვადასხვა მიზნით და მიზანი რეალურად ორია – ეს არის ექსპორტის მიზანი და ექსპორტიც არსებითად მიმართულია სამედიცინო და სამეწარმეო მოხმარებისკენ. მარიხუანას კულტივაცია სამედიცინო მიზნით მოხდება, ეს გათვალისწინებულია კანონპროექტით და მეორე, ეს არის სამეწარმეო მიზნები. როგორც მოგეხსენებათ, კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება შესაბამისი ზეთი და ამ მიზნით მოხდება ამ მცენარის გამოყენება. საუბარია იმაზე, რომ კონკრეტული ეკონომიკური საქმიანობისთვის შეიძლება გაიხსნას ეს სფერო, თუმცა გამორიცხულია ლეგალიზაცია. რეალურად, პროცესები აქეთკენ მიდიოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენ შევძელით ამ პროცესის ჩარჩოში მოქცევა იმ კანონპროექტით, რომელიც წარმოდგენილია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.