ნუკრი ქანთარია: დიდგორზე მომზადებული კანონპროექტის შეჩერების გამო, უმრავლესობის დატოვებასაც ვაპირებდი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატი ნუკრი ქანთარია „შრომის კოდექსში“ მომზადებულ ცვლილებებს განათლების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა, სადაც მსგავსი პროექტი ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა წარადგინა. როგორც ქანთარიამ განაცხადა, დიდგორზე მომზადებული კანონპროექტის შეჩერების გამო გაღიზიანებულია და უმრავლესობის დატოვებასაც აპირებდა.
„ყველაფერი ღიად უნდა ვთქვათ, ეს ჩემთვის საკმაოდ უხერხული და უსიამოვნო მომენტია. მნიშვნელოვანს რასაც დააგდებ და არ გაუფრთხილდები, მას სხვა აიღებს, რაც ლოგიკურია. ეს ყველაფერი ჩემთვის უხერხულობაა, რადგან კანონპროექტი პირველი მოსმენით გატანილია. უკვე მეცხრე მოწვევის პარლამენტი მუშაობს და დიდგორობის დღესასწაულის სახელმწიფო მნიშვნელობაში ატანა არავის გახსენებია. ეს არის დიდი გამარჯვების დღე, ეროვნული თვითშეგნებისთვის ამაღლებისთვის. დამარცხებულ დღეებს აღვნიშნავთ ხოლმე.
ამით დამტკიცდა, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხი საკმაოდ მყიფეა. საჭირო იყო დიპლომატიის ჩართვა, მაგრამ მაშინდელმა საგარეო უწყებამ უსუსურობა გამოამჟღავნა. ზოგიერთი ჩვენი კოლეგის მხრიდან სისინ-წიწინი იყო იმის ნაცვლად, რომ ინიციატივა გაგვეტანა. არ ვფიქრობ, რომ ამას ჩვენი დაქცევა უნდა მოჰყოლოდა. იმის გამო, რომ კოლეგები უხერხულობაში არ ჩამეყენებინა, მაშინ თავი შევიკავე. პროცესი სიტყვიერად შეჩერებულია, გაჩერებულია და ჯანდაცვის კომიტეტს საშუალება არ ეძლევა, საკითხი მეორე მოსმენაზე გაიტანოს. ამის გამო, გაღიზიანებულიც ვარ, რადგან რთული, მტკივნეული დღეები იყო, უმრავლესობის დატოვებასაც ვაპირებდი. ავტორი მარტო რომ ვყოფილიყავი, ამის გაგრძელებას მოვითხოვდი, მაგრამ ანგარიში გავუწიეთ საერთაშორისო მდგომარეობას. ცვლილებების განხილვისას რაღაც უხერხულობა იქნება, რადგან თუ უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს, ეს იქნება სილის გაწვნა, თუ დაუჭერს – ჯოხის ჩარტყმა, მაშინ პროცესი რატომ გაჩერდა? ყველაფერი ღიად უნდა ვთქვათ და თუ პრობლემა იყო, ახლა გაქრა? თუ ეს ამბავი გავა, სახელმწიფოს დონეზე უნდა გავიდეს“, – განაცხადა ქანთარიამ.
ცნობისათვის, ნუკრი ქანთარიამ 12 აგვისტოს უქმე დღედ გამოცხადების თაობაზე ცვლილებები მეცხრე მოწვევის პარლამენტის შეკრებისას მოამზადა და ცვლილებები პირველი მოსმენით გავიდა, მაგრამ პროცესი შეჩერდა და ამის მიზეზად, თურქეთის რეაქცია დასახელდა. მსგავსი ინიციატივა ემზარ კვიციანმაც მოამზადა, რომელსაც მხარი პარლამენტის განათლების კომიტეტმა, ექვსი მომხრე ხმით, დღეს დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები