ნიკოლოზ ლალიაშვილი: საზოგადოება ელოდებოდა მკვლელის დასახელებას, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა მხოლოდ ის, რომ საჭიროა გამოძიება

საქართველოს პარლამენტის წევრი, ნიკოლოზ ლალიაშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად გარდაცვლილი ორი არასრულწლოვნის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას აფასებს.
მისი თქმით, კომისიამ ვერ გაამართლა საზოგადოების მთავარი მოლოდინი – დაესახელებინა დავით სარალიძის მკვლელის ვინაობა:
“საზოგადოება ელოდებოდა მკვლელის დასახელებას, მკვლელის თუ არა, მართლმსაჯულების მკვლელის დასახელებას მაინც. საგამოძიებო კომისიამ დაადგინა მხოლოდ ის, რომ საჭიროა რაღაცებზე გამოძიება. მთელი ინტრიგა მიდიოდა იქით, ეჩვენებინა კომისიას, კონკრეტულად ევროპულ საქართველოს, რომ ის, რაც მოხდა გირგვლიანის დროს, ანუ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლაც ხდება, თუმცა აქედან დრეიფუსის საქმე არ გამოვიდა”, – განაცხადა ნიკოლოზ ლალიაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.
მისივე თქმით, კომისიის შექმნა იყო, ცალსახად, ძალიან სასარგებლო მოვლენა ქართული დემოკრატიისთვის:
“ის დროში დაემთხვა ძალიან საინტერესო მოვლენებს, როგორიც იყო მაგალითად ის, რომ პროკურატურამ ვერ დაარწმუნა რაღაცაში მოსამართლე და გადადგა მთავარი პროკურორი, ეს იყო ჩემი აზრით, უპრეცენდენტო რამ. უპრეცენდენტო იყო, თავად კომისიის შექმნა იმ ფონზე, როცა მღელვარება იყო ძალიან ძლიერი და აღმოჩნდა მართული პოლიტიკური ძალების მიერ და კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის მიერ… ამ ფონზე იქ მიდის პრემიერ-მინისტრი და რაც მოხდა ყველამ ვნახეთ. მოკლედ ეს ყველაფერი იყო ისეთი პოლიტიკური პრეცენდენტი, რომელიც, ყოველ შემთხვევაში, ჩემს მეხსიერებაში არ არის. მე ის მახოვს, რომ წინა მოწვევის პარლამენტში ფანტასტიკის სფეროდან იყო სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა. ეს ყველაფერი მოხდა, ეს სტანდარტები დაიდო, რაღაც პასუხისმგებლობების რაღაც თამასა, რაღაც სტანდარტი დამკვიდრდა. მთავარი ინტრიგა იყო ის, რომ საზოგადოების ნაწილი არ ენდობა პროკურატურას, ამიტომ გამოჩნდა საგამოძიებო კომისია, რომელმაც უნდა შეისწავლოს საქმე. კომისიას ჰქვია მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი კომისია. საზოგადოება ელოდებოდა მკვლელის დასახელებას, მკვლელის თუ არა, ყოველ შემთხვევაში მართლმსაჯულების მკვლელის დასახელებას მაინც. მთელი ინტრიგა მიდიოდა იქით, რომ კომისიას ეჩვენებინა, კონკრეტულად ევროპულ საქართველოს, ის, რაც მოხდა გირგვლიანის დროს ანუ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლაც ხდება, ხალხოო. – ეს არ მოხდა, დრეიფუსის საქმე არ გამოვიდა ამ საქმიდან, საზოგადოება არ გაიხლიჩა ორ ნაწილად. ამიტომ მგონია, რომ მართლა ძალიან მაგარი ასპარეზი ჰქონდა, სხვათა შორის, ძალიან გამოცდილ ხალხს, რომელთა კვალიფიკაციაში ეჭვს უბრალოდ ვერ შევიტან. თუ გავითვალისწინებთ, რომ კომისიაში არიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ გირგვლიანის მკვლელობის საქმისა და სხვა საქმეების პოლიტიკურ შეფუთვაში, პირადად იყვნენ ჩართულები, ეს ადამიანები არიან კომისიის წევრები. ასეთი ძველი ანდაზაა – “გამოცდილ დედამთილს რძალი ვერ მოატყუებსო”. მე ბევრად დიდი მოლოდინი მქონდა და მეგონა, რომ კოღოსგან სპილო გამოვიდოდა, მაგრამ არ გამოვიდა. ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, ვინც აქციებზე იდგა, სანამ ნაციონალური მოძრაობის ხელი გამოჩნდებოდა, ისევე როგორც ზაზა სარალიძე, წესით ძალიან იმედგაცრუებულები უნდა იყვნენ. კომისიის შექმნა ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ ეშინია, აი თქვენ კომისია, აი თქვენ ეთერი… მოგვეცით კონკრეტული ფაქტები, ხელისუფლება რომ ჩართული იყო ამ საქმეში და მზად ვართ რეაგირებისთვის, ეს იყო სიგნალი. აქამდე რაც გვაქვს არის ის, რომ საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ საჭიროა რაღაცებზე გამოძიება”, – განაცხადა ნიკოლოზ ლალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები