შსს მინისტრის მოადგილე ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო და სამაშველო დეპარტამენტის დირექტორს, გენერალ რემიგიუს ბანიულისს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი და მისი მოადგილეები, ლიტვის სახანძრო-სამეთვალყურეო სახელმწიფო საბჭოს უფროსი აუდრიუს ჩიუპლი და ქალაქ ტაურაგას სახანძრო და სამაშველო საბჭოს უფროსი მინდაუგას მიკუტავიჩიუსი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საგანგებო და კრიზისული სიტუაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს როლზე, ამ მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს. მათ ასევე განიხილეს ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო და სამაშველო დეპარტამენტთან მომავალი თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, გაცვლით პროგრამაზე, რომელიც ქართველი მოსწავლეების ლიტვის ბანაკში, ხოლო ლიტველი ახალგაზრდების ანაკლიის ბანაკში დასვენებას და მათთვის სამაშველო სწავლების ჩატარებას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა ლიტვის დელეგაციას სამაშველო მომზადებისა და რეაგირების ბაზაზე არსებული ობიექტები დაათვალიერებინა და მუშაობის სპეციფიკა გააცნო.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=8OmDyuOKtA8&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]