მესტიის აეროპორტში სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლება “მესტია-2018” ჩატარდა

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში ფართომასშტაბიანი გეგმიური სწავლება პირველად გაიმართა. აქამდე აეროპორტში მხოლოდ არასრულმასშტაბიანი სწავლებები იმართებოდა, სადაც მარტო ერთი უწყება იყო ჩართული. „მესტია – 2018“-ის სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ საავიაციო უშიშროების დეპარტამენტისა და მესტიის აეროპორტის პერსონალმა, საქაერონავიგაციის წარმომადგენლებმა, შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისმა დანაყოფმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სამსახურმა, ასევე, სახანძრო და სამედიცინო სამსახურებმა.
სცენარის მიხედვით, მესტიის აეროპორტში რეკავს ანონიმური პირი, რომელიც თანამშრომლებს „საქაერონავიგაციის“ დამხმარე ნაგებობაში ნაღმის არსებობის შესახებ აწვდის ინფორმაციას, რის შემდეგაც შეიკრიბება საავარიო-ოპერატიული ცენტრი და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. სწავლება ,,მესტია – 2018“-ის მიზანია ფეთქებადი მოწყობილობის აღმოჩენა და მისი განეიტრალება.
სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების დასრულების შემდეგ, გაიმართა დასკვნითი ბრიფინგი, რომელიც მესტიის აეროპორტის საავიაციო უშიშროების მენეჯერმა, მალხაზ ნაკანმა გამართა და სწავლების შედეგები შეაჯამა.
,,მსგავსი სახის სწავლების მიზანი აეროპორტში ყველა მომსახურე პერსონალის მზადყოფნა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამოვლინებაა. წელს პირველად, ჩატარდა მესტიის აეროპორტში სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლება. ყველა შესაბამისი სამსახური სცენარის მიხედვით მოქმედებდა და საერთაშორისო სტანდარტები სწავლებისას, მაქსიმალურად იყო დაცული“, – განაცხადა მალხაზ ნაკანმა.
საქართველოს აეროპორტებში სრულმასშტაბიანი სწავლება პერიოდულად ტარდება. მესტიის შემდეგ, პრაქტიკული სწავლება ამბროლაურის აეროპორტში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები