საკალმახე მეურნეობისა და რესტორნის მფლობელი კომპანია მდინარე ალგეთის ჭალა-კალაპოტის თვითნებურ დაკავებას აგრძელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობაზე ოქმი შეადგინეს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტბისის მიმდებარედ, საკალმახე მეურნეობისა და რესტორნის მფლობელმა კომპანიამ, მდინარე ალგეთის ჭალა-კალაპოტი თვითნებურად დაიკავა, რაზედაც მიმდინარე წლის 6 აპრილს, დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, შეადგინეს ოქმი. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ კომპანია სამართალდამრღვევად სცნო, რის საფუძველზეც, სამართალდარღვევის აღმოფხვრა და მუხლის შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისში, ტერიტორია განმეორებით დაათვალიერეს, ვინაიდან კანონდარღვევა არ იყო აღმოფხვრილი, 13 ივლისს კომპანიის მიმართ გაიცა ადმინისტრაციული მიწერილობა, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით და განესაზღვრა გონივრული ვადა – 15 დღე.
„კომპანიის მხრიდან ადმინისტრაციული მიწერილობის მოთხოვნები განსაზღვრულ გონივრულ ვადებში არ შესრულდა, ასევე, ინფორმაცია განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების თაობაზე, ქვემო ქართლის რეგიონულ სამმართველოში მიწერილობით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა. შესაბამისად, 29 აგვისტოს, კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 84-ე მუხლის 1-ელი და მე-4 ნაწილის შესაბამისად“,- აცხადებენ დეპარტამენტში.
საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, რეგიონულ სასამართლოშია გადაგზავნილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები