თამარ ჩუგოშვილი ევ​როკომისარს, იოჰანეს ჰანს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარს, იოჰანეს ჰანს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, განხორციელებულ რეფორმებზე, პარლამენტის საზედამხედველო როლის გაზრდაზე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ევროკომისარმა საქართველოს მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერა დააფიქსირა.
„იოჰანეს ჰანის საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზი თბილისში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის” გახსნა იყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სკოლა თანდათან გაიზრდება და დიდი იმედი მაქვს, რომ მას სხვა ქვეყნების სტუდენტებიც შეუერთდებიან.
შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და იმ რეფორმებზე, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოების მიზნით ახორციელებს. ბევრი ვისაუბრეთ პარლამენტის როლზე ქვეყანაში, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებზე და ასევე, იმ ცვლილებებზე, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ უახლოეს მომავალში, რეგლამენტში პარლამენტის საზედამხედველო როლის გასაძლიერებლად. ამ საკითხის მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესი იყო. ევროკავშირის მოლოდინი ძალიან მაღალია იმის მიმართ, რომ პარლამენტის პოლიტიკური როლი – საზედამხედველო ფუნქცია გადავა სხვა ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში, რისთვის ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ და ამ პროცესში მათი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერაც გვაქვს. მთავარი არის ის, რომ როგორც ყოველთვის, ევროკავშირის კომისარმა თავისი ძალიან დიდი მხარდაჭერა დააფიქსირა ჩვენი ქვეყნის მიმართ”,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები: ირმა ინაშვილი, სოფიო ქაცარავა, თამარ ხულორდავა, გიორგი კანდელაკი და თინათინ ბოკუჩავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები