“ჩვენი პასუხისმგებლობაა, დაგეხმაროთ, მიიღოთ შესაბამისი კვალიფიკაცია, რათა მოახდინოთ თქვენი პოტენციალის რეალიზება”

ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა თბილისში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნა, რომ მისი ამოცანა ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნაა. მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტს ბევრი გამოწვევა შეხვდა.
„მას შემდეგ, რაც ევროკომისარი გავხდი, ჩემი ამოცანა გახდა ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნა. ეს ეხება ასევე მუშაკებს, მეწარმეებს, მათ, ვისაც ჩვენი საზოგადოება წინ მიჰყავს. განათლება გახლავთ უმთავრესი მიმართულება – ეს ციტატა ბრიუსელში, ჩემს კაბინეტში ყოველთვის თვალწინ მაქვს. უმთავრესი ვალდებულებაა ინვესტირება განათლების სფეროში და ჩვენი პასუხისმგებლობაა, დაგეხმაროთ, მიიღოთ შესაბამისი კვალიფიკაცია და შესაძლებლობები, რათა მოახდინოთ თქვენი პოტენციალის რეალიზება. ​
რეალურად, ამბიციურ პროექტს ვიწყებთ, მიუხედავად იმისა, რომ მას მრავალი გამოწვევა შეხვდა. აცხადებდნენ, რომ ძალზედ ამბიციური პროექტი იყო. მე ყოველთვის მწამდა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა გახდებოდა ჩვენი წარმატებული, რეგიონული თანამშრომლობის სიმბოლო. ჩემი მისია გახლდათ, შემექმნა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პირველი სკოლა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სტუდენტებს მოიზიდავდა და მისცემდა მათ შესაძლებლობას, არა მხოლოდ მიეღოთ მაღალი დონის განათლება, არამედ ევროპულ ღირებულებებს ჩაღრმავებოდნენ“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
იოჰანეს ჰანმა სტუდენტებს, რომლებმაც შერჩევის პროცესი წარმატებით გაიარეს, მიღწევა მიულოცა და აღნიშნა, რომ 2000-მა ადამიანმა გამოხატა ინტერესი, 160-მა გაიარა პირველი ეტაპი და საბოლოდ, 30 სტუდენტი შეირჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები