ეროვნული ბანკის ახალი მონეტა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას მიეძღვნა
ეროვნულმა ბანკმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, სადაც საქართველო წელს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგება, 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა მიუძღვნა.
საქართველოს ეროვნულ ბანკში 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში შექმნილი ვერცხლის საკოლექციო მონეტის – „ქართული წიგნი“ პრეზენტაცია გაიმართა.
ახალი მონეტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა წარადგინეს.
წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა.
„საქართველოს ეროვნული ბანკი, ეხმიანება ამ მართლაც ეროვნულ ღონისძიებას – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგენას. მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ საქართველოს ეროვნული ბანკის მორიგი პროექტი, საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის ახალი მონეტა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვან და საამაყო მოვლენას მივუძღვენით”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდელო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ეროვნული ბიბლიოთეკის, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, დიზაინის შესარჩევი კომისიის წევრები და საპატიო სტუმრები – ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები.
მონეტის რეალიზაცია მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან დაიწყება და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინმაღაზიის მეშვეობით. მონეტის სარეალიზაციო ფასი 75 ლარია.