ხობში, სოფელ ბაიის მთავარანგელოზთა სახელობის  ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაიაში მდებარე შუა საუკუნეების წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიას  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.  სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 3 აგვისტოს ბრძანებით მიიღო.
ტაძარი მაღალ ბორცვზე მდებარეობს, რომლის ფერდობები ფართოფოთლოვანი ხეებითაა დაბურული. ამ მთას ადგილობრივები ,,ოხვამეფერდს’’ ეძახიან. ეკლესია უფრო ძველი და დიდი ტაძრის ადგილზეა აშენებული, რასაც მოწმობს ნაგებობის ირგვლივ მდებარე ერთ მეტრამდე სიფართის ძველი საძირკველი. ტაძარში აშკარად შეიმჩნევა რამდენიმე სამშენებლო ფენა.
სარესტავრაციო სამუშაოებისას სხვადასხვა დროს გამოუყენებიათ ქვიშაქვები, კირქვის კვადრები, რიყის ქვა, ქართული აგური. ტაძარი გეგმაზე ხუთკუთხა შვერილაფსიდიანი დარბაზული ტიპის ნაგებობაა.
ტაძარში შესასვლელი კარის ღიობი გაჭრილია ჩრდილოეთის, სამხრეთის და დასავლეთის ფასადებზე. კარების ღიობებს ხურავს კირქვის ტიმპანები ჯვრის რელიეფით. დასავლეთის სარკმლის ორივე მხარეს რამდენიმე კვადრისაგან შემდგარი მართკუთხედია, რომლებზედაც ჯვარის რელიეფური გამოსახულებაა.
საკურთხეველი ძირითადი სივრცისაგან გამოყოფილია ოდნავ შემაღლებული ამბიონით.
ჩრდილოეთის კარის მარჯვნივ ჩატანებულია წარწერიანი ქვის ლოდი, იგი მხედრული ასოებით არის შესრულებული, მასში არ ჩანს ავტორის ვინაობა, სულ სამსტრიქონიანია, მეოთხე სტრიქონი კი ძალიან უხეში ასოებით ამოუტვიფრავთ, სადაც ორჯერ მკრთალად მეორდება: ,,ესე საყდარ, ესე საყდარ აშენდა’’, შემდეგ კი გარკვევით წერია: ,,ესე საყდარი აშენდა’’.
ეკლესიას აქვს ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმა, ფასადთა მორთულობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები